ვლადიმერ პუტინი სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილ ფულს იპარავს?
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსმა ბიზნესმენებმა ოლიმპიადიდან დიდი სარგებელი ნახეს. ნავალნიმ მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობა საკუთარ მეგობრებს დაავალა.
“სოჭის პროექტი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო არა მხოლოდ ოლიმპიური თამაშებისთვის, არამედ პუტინის ახლო მეგობრების გასამდიდრებლად. ჩვენ შევადარეთ დაახლოებით 480 მილიარდი რუბლის ღირებულების 11 ოლიმპიური სამშენებლო პროექტი და აღმოვაჩინეთ, რომ 189 მილიარდი რუბლი ზედმეტად არის გადახდილი. რა თქმა უნდა, პუტინს არ უნდა, რომ მისი პირადი პროექტი განიხილონ იმ კონტექსტში, თითქოსდა, იგი საკუთარი ოლიმპიადის ფულს იპარავს”, – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ. ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ უარყო ოლიმპიადასთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებები. ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზამთრის თამაშების მოსამზადებელ სამუშაოებში 6 ნახევარ მილიარდი დოლარი დახარჯა. ალექსეი ნავალნის მოხსენებაში კი აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის გზების მშენებლობისთვის მხოლოდ 12 მილიარდზე მეტი ორმა სამთავრობო კომპანიამ გაინაწილა.