ირაკლი კობახიძე: წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, სალომე ზურაბიშვილი 52,3 %-ით ლიდერობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, სალომე ზურაბიშვილი 52,3 %-ით ლიდერობს. მისი თქმით,  “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს აქვს  28,1%, ხოლო პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერს დავით ბაქრაძეს  9,2%. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცდომილება 2,6 მეათედი პროცენტია.

“პირველ რიგში გილოცავთ მშვიდობიანი, დემოკრატიული, წარმატებული, თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. პირდაპირ გადავალ იმ საქმეზე , რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს და გაგაცნობთ ეგზიტპოლის შედეგებს, ეგზიტპოლი ჩატარდა 100 უბანზე, გამოიკითხა 5124 ამომრჩეველი სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ცდომილების ფარგლები არის 2.6 პროცენტი. რაც შეეხება შედეგებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად,  სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს 52.3 %-ით, რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, ეს არის 28.1 %, დავით ბაქრაძე 9.2 %, სხვა კანდიდატები 10.4 %. ასევე,  უნდა გაცნობოთ, რომ ეგზიტპოლის თანახმად მეოთხე ადგილზე გავიდა ,,გირჩის“ კანდიდატი  ზურაბ ჯაფარიძე 3.3 %, შემდეგ შალვა ნათელაშვილი 3.1%

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცდომილება არის 2.6 %.  რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგის დაფიქსირება არის ისედაც დამოკიდებული ცესკოს ოფიციალურ დათვლაზე და იგი ბუნებრივია უახლოეს საათებში დაასრულებს ხმის დათვლის პროცედურას. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ხმის დათვლის ოფიციალურ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დაზუსტდება დასრულდა თუ არა არჩევნები პირველ ტურში.

მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბუნებრივია სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა, ასევე განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ სწორედ მათ უზრუნველყვეს საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული არჩევნების ჩატარება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად ყველას ვთხოვ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხმის დათვლის პროცედურაზე, იმისათვის რომ იყოს დაცული თითოეული ამომრჩევლის ხმა. აქვე გეტყვით, რომ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია გარკვეული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე სკოლაში არსებულ საარჩევნო უბანზე, სადაც იგეგმება “ნაცმოძრაობის” მხრიდან პროვოკაცია ჩვენი ინფორმაციით, ასევე პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის , ამაზეც გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ბათუმის და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე.

ვთხოვ  საარჩევნო ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ოლქებში. კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები