ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო მეწარმეებს საინტერესო პირობებს სთავაზობს
სახელმწიფო მეწარმეებს საინტერესო პირობებს სთავაზობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ეს წელი გამოვაცხადეთ ადგილობრივი წარმოების წლად და მთელი ჩვენი ყურადღება გადასულია ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. ეს არის ძალიან ოპტიმისტური, რეალისტური და საინტერესო პროექტი. ჩვენ ბიზნესს შეღავათიან პირობებს ვთავაზობთ და მეწარმეს სესხზე გადასახდელი ექნება გარკვეულ შემთხვევაში მხოლოდ ერთი პროცენტი. მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს – ახლა არის დრო, რომ ერთად ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას. მე ძალიან მჯერა ამ პროექტის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე საკუთარ ინიციატივაზე საჯარო მოხელეების პრემიებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის დარეგულირება საჯარო სამსახურის ბიუროს კარგა ხანია დაავალა.
“უნდა მოხდეს პრემიების სისტემის დარეგულირება, რომ აღარ იყოს გაურკვევლობა და მოქალაქეებს აღარ გაუჩნდეთ განცდა, რომ რომელიმე უწყებაში არის გაუმჭვირვალე სისტემა,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.