„წარწერა – „წარმოებულია საქართველოში” სულ სხვა დატვირთვას შეიძენს“

შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერა – “წარმოებულია საქართველოში” სულ სხვა დატვირთვას შეიძენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სულ რამდენიმე კვირაში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე.
„სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომლის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ეს იქნება დამატებითი სტიმული ჩვენი ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის.
შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერა – ,,წარმოებულია საქართველოში“ სულ სხვა დატვირთვას შეიძენს. საქართველოში ნაწარმოები საქონლის დიდი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე ტარიფებისა და კვოტების გარეშე შევა, რაც სტიმულს მისცემს ჩვენს მეწარმეებს განავითარონ წარმოება, განსაკუთრებით პრიორიტეტულ დარგებში, სულ უფრო ხარისხიანი პროდუქცია გამოუშვან და დაამკვიდრონ ევროპული სტანდატრტები ქართულ წარმოებაში.
დრო აღარ ითმენს, ჩვენ უნდა დავიწყოთ და ავაღორძინოთ წარმოება საქართველოში, და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ეს პროგრამა 1 ივნისიდან დაიწყებს მოქმედებას. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს, ჩაერთონ ამ პროგრამაში, ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს და გვერდში დავუდგებით ყველას, ვინც ამ, მე ვიტყოდი, პატრიოტულ ინიციატივას გამოეხმაურება და მიიღებს მასში მონაწილეობას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები