ტრაბზონის პოლიციამ “კანონიერი ქურდი” მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დააკავა
თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში ქართველი “კანონიერი ქურდი” მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი დაკავება სპეციალური რეიდის დროს მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით კი, ე.წ. კანონიერი ქურდი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად არის დაკავებული.
გორაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალები მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მას ცოტა ხნის წინ დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბოლოს, მინდია გორაძის სახელმა წალკაში ჩატარებული სპეცოპერაციის კონტექსტში გაიჟღერა. გამოძიების ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, მათ შორის ჯეირან კინწურაშვილსა და მინდია გორაძესთან.