არჩილ თალაკვაძე: კარგად ვიცი, განსხვავებულ აზრზე ზეწოლა რას ნიშნავს, დღეს მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევები გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია და ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ხოლო, თუ იქნება რაიმე დარღვევა აღმოჩენილი, მისივე თქმით, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„მე მახსოვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორ ხდებოდა. მაშინ, ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისში ვმუშაობდი, სოზარ სუბართან. კარგად მახსოვს, თუ რას ნიშნავს არჩევნების გაყალბება, რას ნიშნავს ზეწოლა განსხვავებულ აზრზე. დღეს მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ და ვერანაირ პარალელებს ვერ გავავლებ, რაც იყო და რაც დღეს არის. თუ არის აღმოჩენილი დარღვევები დასაბუთებული, თითოეულ მათგანზე იქნება პრინციპული რეაგირება. მე გავეცანი ანგარიშებს და არც ერთ ანგარიშში არ წერია, რომ იმ შენიშვნებს, რაზეც არასამთავრობო სექტორი საუბრობს, შეიძლება არჩევნების საბოლოო შედეგზე სისტემური გავლენა ჰქონდეს. როცა კონკრეტული ფაქტები იქნება, იქნება პრინციპული რეაგირებაც”,- განაცხადა თალაკვაძემ.