ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართა
ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე – (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალი”) კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. არჩევნებში საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი.
“დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ”,- აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
მათივე ცნობით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო უბნებზე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.