ბიძინა ივანიშვილი: დღეს ჩემთვის ამაჩუყებელი იყო, რომ სცენაზე სალომე ზურაბიშვილის შვილმა ცრემლები ვერ შეიკავა

ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის, ჩემი აზრით, ამით ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიას, სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი, ხიბლი აქვს მისი შვილის აქცენტსაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი სამშობლოში დაბრუნების, ევროპულობის სიმბოლოა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მისთვის ემოციური იყო ის, რომ სცენაზე სალომე ზურაბიშვილის შვილმა ცრემლები ვერ შეიკავა.
“რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვიცხოვრე და ყველას შეგახსენებთ, რომ ძალიან რთულია, შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული ენა, მშობლიური ენა. სამწუხაროდ, ემიგრაციაში ბევრი ქართველია წასული და ყველანი კარგად გაიგებენ, რამდენად რთულია, შვილს შეუნარჩუნო ქართული. ქალბატონი სალომე იცით, რისი მსხვერპლიც იყო, პირველ ემიგრაციაში რატომ წავიდა. მე ძალიან მოხიბლული ვარ, თუ გნებავთ, ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს. სწორედ ყველაზე დიდი სირთულე, რაც გადაიტანეს მისმა მშობლებმა, რომ ქალბატონი სალომე ქართულენოვანი დარჩენილიყო და შემდეგ ქალბატონმა სალომემ შეძლო ეს თავისი შვილებისთვის. ამას ძალიან დიდი ხიბლი აქვს. სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა ქალბატონი სალომე, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც. კარგი რამ თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ და ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი სიტყვები: სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ყველას მხარი მივცეთ გავერთიანდეთ და მხოლოდ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თემურ გურჯისტანმა, სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ემოცია ვერ შეიკავა და ატირდა.
მისი სიტყვები ემოციური აღმოჩნდა სპორტის სასახლეში მყოფებისთვისაც.
თემურ გურჯისტანმა გამოსვლისას წინაპრებზე, მათ ღვაწლზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის ვაჟი, ასევე, დედის პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილების პერიოდსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები