ბრალდებულს, რომელმაც მეზობელი მოკლა, 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული რ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს, ღამის საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.ჯ-მ მეზობელს შ.დ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით სამი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ერთი გულმკერდის არეში. მიღებული ჭრილობების შედეგად შ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმავე დღეს, შემთხვევიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები