ირანის მოქალაქეს, რომელსაც ნარკოტიკი სხეულიდან საავადმყოფოში ამოუღეს, 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ჰ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჰ.ჰ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 52,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც 2018 წლის 6 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხეულის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.
სამართალდამცველებმა ჰ.ჰ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჰ.ჰ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები