ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაიკითხა – “ჩემს შვილს და ანას ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ”

“ანა ნაცვლიშვილსა და ლადო გრიგალაშვილს ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ”, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის მამამ, ზაქარია გრიგალაშვილმა დაკითხვისას განაცხადა.
ბრალდებულის მამა ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის დროს ერთ-ერთ რაიონულ სამმართველოში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა.
ზაქარია გრიგალაშვილმა პროცესზე განმარტა, რომ იგი მკვლელობის ღამეს, 20 თებერვალს, მორიგე იყო და სახლში დილით მივიდა.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა სწორედ, ზაქარია გრიგალაშვილის კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს იარაღი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა ნაცვლიშვილის მკვლელობის დროს გამოიყენა.
„სამსახურში წავედი დაახლოებით 19:30 საათზე, მანამდე სახლში ვიყავი, ლადოც სახლში იყო. დილამდე ვმორიგეობდი. დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დავბრუნდი. 21 თებერვალს მეწყვილესთან წავედი და დავბრუნდი საღამოს. 12 საათი ხდებოდა, როცა ლადო სახლში დაბრუნდა. აბაზანაში შევიდა და იბანავა. დაახლოებით, 4-ზე მე და ჩემმა მეუღლემ დავიძინეთ, ლადო კი, ტელეფონზე მესიჯობდა. ამის შემდეგ, დილამდე არ მინახავს“, – განაცხადა ზაქარია გრიგალაშვილმა.
მისი თქმით, მეორე დღეს შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ანა ნაცვლიშვილთან იყო მისული, ის დაიკარგა და მეგობრებთან ერთად ეძებდნენ.
„ვკითხე, იცოდნენ თუ არა ეს მშობლებმა. მითხრა, რომ მამამისს ეძინა. ვუთხარი, გაეღვიძებინა და ეცნობებინა. ამის შემდეგ, საათ-ნახევარში დამირეკა და მითხრა, რომ ანას დედას ანას ტელეფონზე პოლიციელმა უპასუხა, რომ ანა ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს – მე-5 საავადმყოფოში, თემქაზე. ჩემმა შვილმა კლინიკაში მისვლა და მომხდარის გარკვევა მთხოვა“, – განაცხადა დაკითხვისას ბრალდებულის მამამ.
მოწმე ზაქარია გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ის კლინიკაში წავიდა, თუმცა უთხრეს, რომ ახალგაზრდა იქ არ იყო.
მისივე თქმით, საავადმყოფოში, ამ დროს, ლადო გრიგალაშვილიც მივიდა მეგობართან ერთად.
„ლადო მოვიდა ჩემი კუთვნილი ავტომანქანით. ვკითხე, ისევ საავადმყოფოში იყო თუ არა ანა. როცა ლადომ დააპირა ტელეფონზე დარეკვა, ამ დროს პოლიციის მანქანა შემოვიდა ეზოში. იკითხეს, ლადო გრიგალაშვილი რომელიაო. თქვეს, რომ განყოფილებაში უნდა წავსულიყავით. წაგვიყვანეს, შეიყვანეს ოთახში, დაახლოებით, საათ-ნახევარი იქ იყო. იქ იყო ანას მამაც, დედაც, ბებიაც. ვერკვეოდით, რა ხდებოდა. ლადო რომ გამოიყვანეს, ჩასვეს მანქანაში და თქვეს, რომ ქალაქის პოლიციის სამმართველოში მიჰყავდათ დასაკითხად. მერე გავარკვიე, რომ ანა ნაცვლიშვილი იყო გარდაცვლილი. მეუღლის ძმამ მომაკითხა მანქანით. პოლიციელი იყო იქვე და ვკითხე, რა იცოდა. მითხრა, რომ ჩემი მანქანისთვის ყურადღება უნდა მიექცია. მეც წამიყვანა გამოსაკითხად“, – აღნიშნა ბრალდებულის მამამ.
მისივე განმარტებით, ჩატარდა ავტომობილის ჩხრეკა, რის შემდეგაც გამომძიებელმა შეატყობინა, რომ მისი შვილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.
„ჩხრეკისას ამოიღეს ჩემი კუთვნილი დანა ქარქაშთან ერთად და აიღეს ანაწმენდები“, – განაცხადა გრიგალაშვილმა.
პროცესზე, ბრალდებულის მამამ განაცხადა, რომ ლადო გრიგალაშვილი თავშეკავებული პიროვნება იყო.
მისივე განმარტებით, მისი შვილი ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ, დაოჯახებას გეგმავდა, სურდა, კაფეც აემუშავებინა.
გრიგალაშვილის მამა დადებითად ახასიათებს ანა ნაცვლიშვილსაც.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მამის, შემდეგ ბებიაც, მარიამ გელაშვილიც დაიკითხა. მისი თქმით, საქმე გაყალბებულია.
ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი უდანაშაულოა.
„ჩვენს ოჯახს არასდროს არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. ჩხრეკისას ვთხოვე ჩემს შვილს ჩაყოლა, რომ რამე არ მომხდარიყო, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართა. ისე მალე გამოვიდა დეპარტამენტის თავმჯდომარე და თქვა, რომ მკვლელი ნაპოვნიაო, საქმე გაყალბდა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თუ გსურთ, მე მიმეცით პასუხისგებაში. ჩემს ნათქვამზე პასუხს ვაგებ. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი რამ მაინტერესებს. დაინტერესებული პირები არიან ბატონო მოსამართლე“, – განაცხადა გელაშვილმა სასამართლო პროცესზე.
ლადო გრიგალაშვილის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
22 თებერვალს, ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. გრიგალაშვილი, ამ დრომდე, ბრალს არ აღიარებს. მამამისის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლულის სისხლის კვალია აღმოჩენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი მამის ავტომობილში, სწორედ, გრიგალაშვილმა დამალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები