რატომ არ შეგვიძლია საიდუმლოს შენახვა?
მაგიური ძალა აქვს სიტყვებს: „ოღონდ არავის არ უთხრა“. ამ სიტყვების გაგონებისთანავე გსურთ მაშინვე ყველას ყველაფერი მოუყვეთ. კონკრეტულად რა გვიშლის ხელს, რომ გავჩუმდეთ?
დამიჯერე, მარტო შენ არ ხარ, ვინც ყვება სხვის საიდუმლოს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალს საიდუმლოს შენახვა 47 საათის და 15 წუთის განმავლობაში შეუძლია. ამის შემდეგ მას არ შეუძლია ერთ ადამიანს მაინც არ მოუყვეს იგი, იქნება ეს ქმარი, მეგობარი ბიჭი, დაქალი თუ დედა, – გააჩნია საიდუმლოს. ქალი კვირაში საშუალოდ სამ ჭორს ავრცელებს და მინიმუმ ერთი ქალი აგრძელებს ამ ამბავს. ვცადოთ სტატისტიკის შეცვლა?
მიზეზი: ბევრი ლაპარაკი
ქალებს, ზოგადად, უყვართ ბევრი ლაპარაკი. „ეს ჩვენში გენეტიკურად არის ჩანერგილი“, – ფიქრობს მწვრთნელი კომუნიკაციის საკითხებში იულია მასლენიკოვა. საუკუნეების წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კაცები მამონტებს დასდევდნენ, მათი დედები, დები, ცოლები გამოქვაბულში ისხდნენ და ცეცხლს ყარაულობდნენ.
ჩაკეტილ საზოგადოებაში იმის უნარი, რომ სწორად ააგო ურთიერთობები,-თვითგადარჩენის წინაპირობაა, ასე რომ, უპირატესობა აქ მოლაპარაკეთა მხარესაა.
დღესაც უმიზეზო საუბრები მოდაშია. ჭორებითა და საუბრებით ვართობთ მოსაუბრეს, ვანეიტრალებთ სიტუაციას და ვამყარებთ ნდობას.
„კონკრეტულ სიტუაციაში საიდუმლოს გაცემა ხშირად ექსტრავერტებს ახასიათებთ“, – ამტკიცებს ცეკვისა და მოძრაობის თერაპევტი ვლადილენა კიტაევა. მათთვის აუცილებელია ბევრი ლაპარაკი, ყურადღების ცენტრში ყოფნა და სხვისი გაკვირვება. კომუნიკაცია ასეთი ხალხისთვის დასვენებაა, საიდუმლო კი ერთ-ერთი სალაპარაკო თემაა.
როგორ შევიკავოთ თავი?
თვითკონტროლზე მუშაობა მოგიწევთ. ანალიტიკური ფსიქოლოგი ელენა კაჩეტკოვა გვირჩევს, ადვილი ვარჯიშებით დავიწყოთ. მაგალითად, უგულებელყავით შინაგანი გაღიზიანება. სამზარეულოში წყალი წვეთავს? ნუ მიაქცევთ ყურადღებას. თუ არ გამოგდით, დათვალეთ ასამდე ისე, რომ სხვა არაფერს არ მიაქციოთ ყურადღება.
ამოირჩიე არც ისე სასიამოვნო, მაგრამ სასარგებლო საქმიანობა, გამოიჩინე ნებისყოფა, რომ დაკავდე ამით არა ორშაბათიდან, არამედ დილიდან. შენ ხომ იცი, რომ სირბილი დილით სასარგებლოა. ირბინე და როცა ისწავლი ენერგიის კონცენტრირებას სწორი მიმართულებით, გაგიადვილდება საუბრის კონტროლი.
მიზეზი: საიდუმლო წყნარ ცხოვრებას არ გვაცდის
ტაფტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სხვისი საიდუმლოს პასუხისმგებლობა არა მარტო ჩვენს ემოციურ, არამედ ფიზიკურ მხარეზეც მოქმედებს. მესაიდუმლეს ყოველდღიური საქმიანობაც რთულად ეჩვენება. რაც უფრო მნიშვნელოვანია საიდუმლო, მით უფრო უარესად გრძნობს თავს და არ არის გასაკვირი, რომ ვცდილობთ, მოვიხსნათ ტვირთი და მოვუყვეთ სხვას.
„სხვისი საიდუმლო გვაიძულებს, ვაკონტროლოთ თავი, რამე არ წამოგვცდეს“, – გვიხსნის ვლადელინა კიტაევა. ადვილია მოუყვე დაქალს, ვიდრე იყო სტრესში.
როგორ შევიკავოთ თავი?
თუ შენ ცუდად გძინავს, უმიზეზოდ ნერვიულობ, დამუდმებით ფიქრობ, საქმე ცუდად არის. ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ. პირველ რიგში, შეგიძლიათ ხუმრობით უთხრა საიდუმლოს გამნდობს, რომ აღარ შეგიძლია პარტიზანობა! იქნებ შენ მოუყვე ყველას? თუ უარს გეტყვის, შეეცადე სიტუაციის გარკვევას, თუ ვისგან ცდილობს ამ საიდუმლოს შენახვას.
ამის გარდა, შეგიძლია მოძებნო საიმედო მესაიდუმლე,- დღიური ან ადამიანი, რომელიც არ იცნობს საიდუმლოს ავტორს. მოუყევი გერმანიაში მაცხოვრობელ დეიდაშვილს, ამით შენ მოღალატე არ გახდები. შეგიძლია მოუყვე ახლობელს ინტერპრეტაციით, შეცვალე სახელები ან სხვადასხვა უცხო ადამიანზე გადაანაწილე ეგ ამბავი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, – სამყარო მჭიდროა (გერმანიაც).
ყველაზე მოსახერხებელი მაინც ავტორთან საუბარია, თამამად ჰკითხე ყველაფერი, მაგრამ აღიარე, რომ სხვა საიდუმლოს ვეღარ გაუძლებ.
მიზეზი: შენი მიზნები
„ზოგჯერ ჩვენ შეგნებულად, მიზნის მისაღწევად ვსაუბრობთ სხვის საიდუმლოზე“, – მიაჩნია იულია მასლენიკოვას. მაგალითად, ამით ვინმეს გადაუხადო სამაგიერო. მაგალითად უფროსს მოუყვე არასასიამოვნო ფაქტი კოლეგაზე და ამით შენ დაგაწინაურონ.
აგრეთვე, ჩვენ საკუთარ ნაკლს სხვისი საიდუმლოს მეშვეობით ვმალავთ – „ ნუცას ღალატთან შედარებით შენი ფლირტი სოციალურ ქსელში არაფერია“. ზოგჯერ სხვისი ნდობის მოსაპოვებლად ვჭორაობთ: „ნახე, რა საიდუმლო გაგიმხილე?“ არსებობს პოზიტიური მოტივაციაც, მაგალითად იზრუნო ახლობელზე, რომ შეცდომა არ დაუშვას.
როგორ შევიკავოთ თავი?
შური და არაპრინციპული მეტოქეობა ხშირად მიუთითებს შენს ცუდ მდგომარეობაზე სხვადასხვა სფეროში. ამ შემთხვევაში მთავარია, ებრძოლო შენს თვითკრიტიკას. ფსიქოლოგების რეკომენდაციით, ასევე სასარგებლოა ფიქრი შედეგებზე. როგორ იმოქმედებს შენი საქციელი შენს საქმიან რეპუტაციაზე? რამდენად კარგი ადამიანია, ის, ვისი გულის მოგებაც ჭორებით შეგვიძლია?
თუ სხვისი დაცვა გსურს, დაფიქრდი, საკუთარი ინტერესების გამო ხომ არ აკეთებ ამას? მაგალითად, თავი იგრძნო უფრო ჭკვიანად.
მიზეზი: ცუდი მაგალითი
თუ ბავშვობაში გსმენია, როგორ უყვება დედა „თამუნა დედას ნინო დეიდას საიდუმლოზე“, შენც ასევე მოიქცევი. „ბავშვი ჩართულია მშობლების სისტემაში და იმეორებს მათ ქცევებს, რომ ამ სისტემის ერთგულება შეინარჩუნოს“, – ამბობს ელენე კაჩეტკოვა. ოჯახური თერაპიის გადმოსახედიდან ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. შესაძლოა, წინაპრებში იყო ადამიანი, ვისთვისაც საიდუმლოს შენახვა სიკვდილის ტოლფასად ითვლებოდა, მაგრამ ახლა გენეტიკაში წერია: სხვისი საიდუმლო სახიფათოა, სჯობს, დროულად მოიშორო. თუ ვერ შეძელი ამის გაკეთება, ესე იგი შენ უკვე დედის ტემპერამენტი დაგიმკვიდრდა.
როგორ შევიკავოთ თავი?
პრობლემის გადაჭრა- თვითკონტროლისკენ პირველი ნაბიჯია. შესაძლოა, ოდესღაც შენი ნათესავები სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ, მაგრამ შენ ხომ შეგიძლია? შემდეგში სანამ პირს დააღებ, დაფიქრდი საიდუმლოს ავტორზე. წარმოიდგინე, შენს ზურგს უკან დგას. როგორ მოიქცევა ის? ნუ გერიდება თემის შეცვლა. ყოველთვის შეგიძლია უთხრა, რომ შენ შეჰპირდი, არავის არაფერი არ უთხრა. შეეცადე, შენი არჩევანი გააზრებული იყოს.
გადაეცი სხვას
ვონგ კარ-ვაის ფილმიდან „სასიყვარულო განწყობა“: „ძველ დროში, როცა ადამიანს ჰქონდა რაიმე საიდუმლო, რომელსაც ვერავის ეუბნებოდა, ადიოდა მთაში, პოულობდა ხეს, აკეთებდა მასში ღრუს და უყვებოდა, შემდეგ თიხით ფარავდა და საიდუმლო საიდუმლოდ რჩებოდა.“
თუ ქალაქის ჯუნგლებში ვერ პოულობთ ღრუს, შეგიძლიათ წახვიდეთ რომელიმე მუზეუმში და ნებისმიერ სკულპტურას მოუყვეთ, თქვენ განთავისუფლდებით საიდუმლოსაგან და მას ვერავინ გაიგებს.
გრეტა სარქისოვა