ტექნიკურ უნივერსიტეტში, მსოფლიო დონის ქიმიკოსის, გივი ცინცაძის იუბილე საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნეს

მსოფლიო ქიმიის ისტორიაში მხოლოდ 9 ქართველი ქიმიკოსია შესული. დღეს, ერთ-ერთი მათგანის, ქართველ ქიმიკოსებს შორის საქართველოს ეროვნული აკადემიის ერთადერთი აკადემიკოსის, გივი ცინცაძის დაბადების დღეა.
როგორც “კვირას” ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, 85 წლის აკადემიკოსის იუბილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით აღინიშნა. კოლეგებმა მეცნიერს იუბილე სამეცნიერო-მეთოდური კონფერენციით – „ქიმია – მიღწევები და პერსპექტივები” მიულოცეს.
„დღეს, ჩვენი სახელოვანი უნივერსიტეტის კედლებში, გამორჩეულ მეცნიერს, განათლებისა და მეცნიერებების სფეროს ღვაწლმოსილ წარმომადგენელს, ბატონ გივი ცინცაძეს იუბილეს ვულოცავთ. ბატონი გივისგან არაერთგზის გვცხებია მისი სიკეთის მადლი და დღეს გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ამისთვის, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით მივმართოთ და ვუსურვოთ ხანგრძლივი, ჯანმრთელი სიცოცხლე”, – ასე მიულოცა დაბადების დღე დიდ მეცნიერს, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
როგორც ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტმა, ოთარ ჟორდანიამ აღნიშნა, ბატონი გივი ცინცაძის დამსახურებაა, რომ ბავშვები სკოლაში ქართულ ენაზე, ორიგინალური სახელმძღვანელოებით ეუფლებიან ქიმიას.
„ბატონი გივი ცინცაძე, თავისი უბრალოებით, ადამიანური ღირსებითა და მაღალი პროფესიონალიზმით, ყოველთვის იმსახურებდა პატივისცემას. ბატონმა გივიმ შექმნა ქიმიაში სახელმძღვანელოები, რომლითაც დღეს ჩვენი შვილები ქიმიას სწავლობენ. სწორედ ბატონი გივის დამსახურებაა, რომ ქართველი ბავშვები, ქართულ სკოლაში, ქართულ ენაზე, ორიგინალური სახელმძღვანელოებით ეუფლებიან ამ საგანს.
ბატონი გივი არის არა მხოლოდ ქიმიკოსი, რომელმაც საქართველოს სახელი გაუთქვა მსოფლიოში, არამედ ის არის მეცნიერი, რომელმაც თავისი ნაშრომები პრაქტიკულად, უშუალოდ წარმოებაში გამოიყენა. ამას, უდავოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგი მეცნიერი იკვლევს და პრაქტიკაში განხორციელება არ შეუძლია.
ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ბატონი გივი ქიმიის ისტორიის ისტორიკოსიცაა. მას, თავის კოლეგებთან ერთად, აქვს ნაშრომი, რომელშიც აღწერილია პეტრე ბაგრატიონის, როგორც მეცნიერის დამსახურება, რომელიც უდიდესი ქართველი ქიმიკოსი იყო და რომლის შრომებიც, სამწუხაროდ, სხვა ერს ჩაეთვალა მემკვიდრეობად”, – განაცხადა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტმა, ოთარ ჟორდანიამ.
აკადემიკოს დავით დავით ცინცაძის სამეცნიერო ღვაწლის შესახებ ისაუბრეს და მეცნიერს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს კოლეგებმა – საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერებმა და მკვლევრებმა.
ცნობისათვის, აკადემიკოსი გივი ცინცაძე ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული პროფესორია. სხვადასხვა დროს იყო ანალიზური ქიმიის, ზოგადი და არაორგანული ქიმიის, ზოგადი და ბიოარაორგანული ქიმიის კათედრების გამგე; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; ქიმიური და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1971 წელს, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე – “ლითონების ციანატური, თიოციანატური და სელენოციანატური ნაერთების გამოკვლევა”. გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 40 სახელმძღვანელო და 7 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზს, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევას.
მეცნიერს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: უკრაინის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; ღირსების ორდენი; გ.ნიკოლაძისა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის მედლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები