ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 155 წლის იუბილეს მხატვარ მაის მხითარიანის გამოფენა მიეძღვნა

ჰოვანეს თუმანიანის სამეცნიერო-კულტურულ სახლში მაის მხითარიანის გამოფენა – „კომიტასის ვიზიტი თუმანიანთან” გაიხსნა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა გამოჩენილი სომეხი მწერლის, ჰოვანეს თუმანიანის, დაბადებიდან 155 წლის იუბილეს მიეძღვნა.

”ჰოვანეს თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი გახლდათ – წერდა ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს. მისი მოთხრობები ცნობილია, როგორც სომხური პროზის საუკეთესო ნიმუშები. ასევე, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტზე შექმნილი მისი პოემები და ზღაპრები („ერთი წვეთი თაფლი”, 1909 წ.; „გულადი ნაზარა”, გამოქვეყნდა 1912 წ. და სხვ). აღსანიშნავია, რომ ჰოვანეს თუმანიანი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ დამცველად გამოდიოდა და ამ თემაზე მან არაერთი ლექსი დაწერა.
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები,  გაზეთ ,,ვრასტანის” მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენაკ ბაიანდურიანი, დირექტორი ლუიზა ხაჩატუროვა, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და  სხვ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები „ჯერიანი” და „მუში”.
მაის მხითარიანი 2008 წლიდან თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია.
იგი დაიბადა 1962 წლის 4 ოქტომბერს თბილისში.  1983-1987 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ხელოვანი 1983 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში. 1993 წელს მისი პერსონალური გამოფენა თბილისსა და ერევანში გაიმართა; 2003 წელს პერსონალური ექსპოზიცია ჰქონდა მოსკოვში; ასევე, 2023 წელს ჰქონდა ალბომის პრეზენტაცია და პერსონალური გამოფენა.
მაის მხითარიანს გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი: „დაუძახეს”  (რეჟ. არმენ ბაიანდურიანი, 1992 წელი); „40 დღე ამაღლების წინ” (რეჟ. ალბერტ საფარიანი, 2003 წელი); „შემოდგომის დაისი” (რეჟ. არმენ ბაიანდურიანი, 2019 წელი); „ღია ზღვაში” (რეჟ. არმენ ბაიანდურიანი და არტურ გასპარიანი, 2023 წელი).
მუშაობს წიგნის ილუსტრაციაზეც: არტაკ ვოსკანიანის „საიათ-ნოვა” (2007 წელი); „სახარება იოანეს მიხედვით” (2012 წელი); გრიგორ მოვსისიანის „ვაჰაგნის დაბადება ან იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა” (2012 წელი), არტაკ ვოსკანიანის „იუდითი” (2014 წელი); ხაჩიკ ჰარუთიუნიანის „უფლის მიერ შექმნილი” (2020 წელი) და არაერთი სხვა.
აღსანიშნავია, რომ მაის მხითარიანის შესახებ გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და მხატვრული ფილმი – „ავტოპორტრეტი” (რეჟ. რუბენ ქოჩარი, 2018 წელი).
2000 წლიდან არის სომხეთის მხატვართა კავშირის წევრი; 2003 წლიდან UNESCO-ს საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
გამოფენა ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.

ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები