ომალოს გვიანი შუა საუკუნეების კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოს გვიანი შუა საუკუნეებისკოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი კოშკმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით მიიღო.
კოშკი სწორკუთხაა (3×3 მ), ნაგებია შირიმისა და ქვიშაქვის ქვებით. სამსართულიანია. გარედან შელესილია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს პირველ სართულზე.
პირველი სართული სწორკუთხაა, მეორე ოვალური (გადაკეთებული უნდა იყოს შემდგომ ეტაპზე). სამხრეთის კედელში პირველ და მეორე სართულზე სათოფური და ნიშია. მესამე სართული მოშლილია. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. კედელში საძელე ფოსოებია დატანებული. შესასვლელი კარის წირთხლზე შელესილობაზე ხელის ორი ანაბეჭდია გაკეთებული.კოშკის მესამე სართული არ შემორჩა. ინტერიერის პირველი სართული ამოვსებულია ნაშალი მასით. კოშკი დაფარულია მცენარეული საფარით.
კოშკი გვიანი შუა საუკუნეების პირველი ეტაპის სასიგნალო ნაგებობის საინტერესო ნიმუშია.