ამირან სალუქვაძე: ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილი ხმაური, შესაძლოა, სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათო იყოს

ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილი ხმაური, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
სალუქვაძე ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის საინფორმაციო შეტევას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსული მხარის კამპანიას საინფორმაციო შტურმის ხასიათი აქვს.
„რუსული მედია პირველად არ ეხმაურება ამ თემას. ბოლო თვეების განმავლობაში კი ეს მიდის საკმაოდ ინტენსიურად. ისინი იშველიებენ ექსმინისტრ გიორგაძის ინფორმაციებს. ამ კამპანიას აქვს საინფორმაციო შტურმის ხასიათი. სამწუხაროდ, ჩვენს ბევრ მოქალაქეს არ ესმის, რამდენად სერიოზული და საფრთხის გამომწვევი შეიძლება იყოს ეს საინფორმაციო კამპანია, რადგან არაადეკვატურ განცხადებებს ვაწყდებით როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელში.
ლაბორატორიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მოვუწოდებ, რომ ამ განცხადებებით არ შემოიფარგლონ და ყველგან, სადაც საჭიროა, გაეროში, ევროსტრუქტურებში მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. მოიწვიონ სპეციალისტები, მათი მეშვეობით აიძულონ რუსეთი, ჩამოვიდნენ აქ რუსეთის ექსპერტები და თავის თვალით ნახონ, თუ რა ხდება ამ ლაბორატორიაში.
ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილი ხმაური, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს სახელმწიფოსთვის. აქ მცხოვრებ ხალხს რომ არ ესმის, რამდენად ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს ეს აჟიოტაჟი, ეს არის გაუგებარი. ბომბები რომ დაეყრება თავზე, ლაზერული ან სხვა ტიპის, იმ ლაბორატორიას, მერე შუძლიათ აუბან მხარი ამ აჟიოტაჟს და გააკეთონ ის განცხადებები, რასაც აკეთებენ დღეს“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მან იმ მიზეზების შესახებაც ისაუბრა, რის გამოც რუსეთი საინფორმაციო შეტევას ახორციელებს.
„რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რამდენიმე მიზანია: იმ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც რუსეთს აქვს აშშ-სთან, ევროპასთან, დიდ ბრიტანეთთან, სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით, რუსეთი საპასუხო ბრალდებებს აყენებს: თქვენ გვწამლავთ და ახორციელებთ ადამიანებზე ცდებსო.
მეორე მიზანია, როგორც საქართველოში, ასევე იმ რუსულენოვან სივრცეში, რომელსაც მოიცავს რუსული მედია, ანტიამერიკული განწყობების გაღვივება და გაძლიერება.
ასევე, ეს თემა სჭირდებათ საქართველოსთან შესაძლო გართულებისათვის საჭირო ფონის შესამზადებლად“, – განაცხადა გენერალმა.
ამირან სალუქვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი აპირებს, რომ თავის მეზობლად ბიოლოგიური ლაბორატორიების განთავსების საკითხი გაეროში წამოაყენოს.
„რაც შეეხება კარასინის განცხადებას გაეროსთან დაკავშირებით,ეს არის ამ ხმაურის უფრო მაღალ დონეზე აწევის მცდელობა. რათა შემდეგ ჰქონდეთ სათქმელი, რომ ჩვენ გაეროს მივაწოდეთ ინფორმაცია, შევეცადეთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევას და ვერ შევძელით. ამის შემდეგ ჩათვლიან, რომ ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი“, – განაცხადა სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, წლების განმავლობაში რუსეთი ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება – კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.
დაახლოებით 2 კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოში არსებულ „ლუგარის ლაბორატორიაში“ განთავსებული „ამერიკული სამხედრო კონტინგენტის არაკეთილსინდისიერი როლის“ შესახებ ოფიციალური განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მან ვაშინგტონისადმი მიმართვის საფუძვლად საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებები დაასახელა.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, საქართველოს მიერ ძებნილმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან.
გიორგაძის მტკიცებით, საქართველოდან მოპოვებული დოკუმენტებით, 2015 წელს, ლაბორატორიაში ერთ დღეს გარდაიცვალა C ჰეპატიტით დაავადებული 24 ადამიანი, რომლებიც ექსპერიმენტული მკურნალობის კურსს გადიოდნენ და ანტივირუსულ პრეპარატს იღებდნენ. მისივე თქმით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ შემუშავებულმა ვირუსებმა შესაძლოა, უპრობლემოდ შეაღწიეს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთში.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი,“ რომელიც სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობისაა, თბილისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა. ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, ის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
“ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ, აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება, არამედ საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა, ერიკ პაჰონმა განაცხადა.
პაჰონის თქმით, ცენტრის მისიაა, წვლილი შეიტანოს ადამიანებისთვის ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვაში, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაში, ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლით, ასევე, კვლევების ჩატარებით საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოების საკეთილდღეოდ.
შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთს სურს ჭეშმარიტების დადგენა, შეუძლია, გამოგზავნოს სპეციალისტები, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია და დაესწრონ საერთაშორისო სემინარს.
„გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს შეეხო. მე გავიმეორე, რომ რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულება არის არასწორი. ერთია, როდესაც ისინი არკვევენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორეს მხრივ, როდესაც ისინი საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოზე და ლაბორატორიაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს საკუთრებაა და ტრანსპარენტულ რეჟიმში მუშაობს. რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისთვის. რუსი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგ შეფასებას აძლევდნენ ლაბორატორიას. 14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ დაესწრონ სემინარს. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ სხვა მიზნები და ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები