„მისი გამოსვლა იყო რაღაცით უფრო საკრალური და არავითარ შემთხვევაში – პომპეზური“

ფრანკფურტის ბაზრობაზე აკა მორჩილაძის გამოსვლას საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსით გამოეხმაურა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ფრანკფურტი. გუშინდელ ოფიციალურ გახსნას ვერ დავესწარი. ღამით აკა მორჩილაძის გამოსვლას მოვუსმინე და მივხვდი: რატომ აირჩია გიო ახვლედიანმა ფსევდონიმად აკა მორჩილაძე. მან მოკრძალებული ფორმა არჩია მედიდურს. ამიტომაცაა ის დიდი, მაგრამ… მაგრამ ვიგრძენი, რომ დიდი ტკივილი იყო მის სულში. ტკივილი იყო მის სიტყვაშიც, ტკივილი იყო ყველა იქ მყოფის წინაშე ჩვენი რეალობისა. მისი გამოსვლა არ იყო არც რობაქიძის, არც გამსახურდიას, არც სხვა მისი დონის მწერლის გამოსვლა. ის იყო რაღაცით უფრო საკრალური და არავითარ შემთხვევაში პომპეზური. მან ამით თქვა: მწერალში არ ეძებოთ ღმერთთან მოლაპარაკე კაცი, მე თქვენი ნაწილი ვარ და თქვენზე მეტად უსაქმურიო. მწერალსაც მოხვდება მუშტი და ჩამოუფხატავენ ქუდსო.
ასე რომ დამთავრდა მწერალთა ცაში ნავარდობა (ისე კარგა ხანია აღარ დაფრინავენ, მაგრამ ხომ ცდილობდნენ), ისტორიული კი ის არის, რომ 9 -ში ეს ოფიციალურად გაცხადდა. პოეტებს დაუტოვა შანსი, ისე, როგორც ზუბრებს დაუტოვეს გადაშენების პირად მყოფებს ერთ დროს.
ახლა დღევანდელ დღეზე: ვიყავი პავილიონში. ვნახე ბაზრობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს გამოცემებს ასახავდა. იქ იყო წიგნები და იყვნენ მისი ჭირისუფლები. დიახ, საზეიმო ფონზე ჩვენი თავი ასე მოვიაზრე. ჩვენთან ერთად იყვნენ ფოტოაპარატისათვის ხილული და უხილავი პიროვნებები: იქ ხილულებს არ ჩამოვთვლი, ვინმე გამომრჩება და ეწყინებათ, ყველას ჩამოთვლა კი ძალზე ძნელია…
უხილავებს კი ახლა მოგახსენებთ: იქ იდგა ანთიმოზ ივერიელი და ფრანკფურტელ მბეჭდავთა გილდიას ესაუბრებოდა, იქ იყო ვახტანგი და გუტენბერგს აბარებდა ანგარიშს, იქ იჯდა შუშანიკი და ანა ფრანკი ჰყავდა ჩახუტებული, იქ, პავილიონის ცენტრში გრიგოლ რობაქიძე , ხელში სახაზავით, ესაუბრებოდა გოეთეს, თან პარიკში იყოფდა ამ სახაზავს და თავს ასე იფხანდა. იქ შალვა ნუცუბიძე წამოსკუპებული იყო მერხთან და შოპენჰაუერს ესაუბრებოდა, იქ კარლოს დიდი ერეკლეს განცვიფრებული უყურებდა, იქ ილია კიბეებზე ადიოდა და ჩადიოდა გულის კუნთის სავარჯიშოდ და ლაისტს ესაუბრებოდა თან. იქ სადღაც არჩილიც იდგა, მოსკოვიდან ჩამოსული, ზაქარია ჭიჭინაძეც იქ იყო, სარაჯიშვილის მიერ გზის ფულიით დაფინანსებული. იქ მთელი საქართველოს წიგნის მსახურთა სამეფო იყო. მეც იქ ვიდექი. ყველა იქ მოდიოდა. ხვალ კიდევ მივალ. იქნებ კიდევ დავინახო“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები