ზაზა გაბუნია: მომავალი წლიდან ვზრდით მთაში მცხოვრებთა პენსიას და ვიწყებთ სოფლის პროგრამას

0

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, მომავალ წელს რეგიონულ პოლიტიკაში იქნება სიახლეებიც.
„ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სიახლეებიც და მომავალი წლიდან გაიზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია, ისევე როგორც სხვა დასახლებებში მცხოვრებთა პენსია. ვზრდით ზოგადად მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი თქმით, დოკუმენტი დაფუძნებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა.
„პარამეტრების კუთხით, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება იმ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის შეთანხმდა და გაფორმდა 2017 წლის აპრილში და გრძელდება 2020 წლის აპრილამდე. აღნიშნულმა დოკუმენტმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა საკმაოდ დიდი რესურსები მოგვეზიდა დონორებისგან, როგორც სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ მხრივ დაფინანსების სრული პაკეტი თითქმის უკვე შეკრულია და გვაქვს”, -აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს პროგრამა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: მიმდინარე ხარჯების შემცირებაზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებაზე და თავისუფალი რესურსის მიმართვაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2019 წლის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მილიარდ ლარს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2019 წელს განსაზღვრულია 3,5%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 3,0%-ის ოდენობით.
მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული საგადასახადო შემოსავლები და 2019 წლის მაჩვენებელი, მშპ-ის 24,8%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს, მათ შორის:
•საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 365.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 115,0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250,0 მლნ ლარს;
• მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 786.0 მლნ ლარით;
• დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 482.0 მლნ ლარით;
საყურადღებოა, რომ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად საბიუჯეტო კოდექსში და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად მუნიციპალიტეტებში მიიმართება დღგ-ს 19,0%, რომლის გათვალისწინებით, წინა წლებისგან განსხვავებით დღგ-ს მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით გათვალისწინებული ფორმულის მიხედვით.
• აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 505.0 მლნ ლარის ოდენობით;
• იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 83.0 მლნ ლარით.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია და 2019 წელს მცირდება მშპ-ის 22.6%-მდე (2018 წელს 23.0%).
პარალელურად, მთავრობის საშუალოვადიან ჩარჩოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მისამართი სახსრების მობილიზება ხორციელდება და ნაერთი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 8%-ზე მეტი მიიმართება. 2019 წელს კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად ნაერთი ბიუჯეტიდან 3,6 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები – 10 281.7 მლნ ლარი; გრანტები – 266.7 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები – 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 1 365.0 მლნ ლარს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 965.0 მლნ ლარი, რაც 139.8 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.
გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის – 1 377.1 მლნ ლარი. მათ შორის თანხები მიიმართება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებარე კონსტრუქციაზე:
2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში წარმოდგენილია ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომლის მიხედვითაც იცვლება მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა, კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის არ იარსებებს გათანაბრებითი ტრანსფერი, ასევე, საშემოსავლო გადასახადის სხვადასხვა სახეებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, მათ ნაცვლად მუნიციპალიტეტების დასაფინანსებლად განისაზღვრა დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19,0%.
კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიხედვით: კანონპროექტი ახლებურად აყალიბებს კოდექსის XI თავს, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება ხორციელდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.
ბიუჯეტის პროექტთან ერთად სხდომაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის”, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ” წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი