“ევროსაბჭომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ევროსაბჭოში მიღებული სხვადასხვა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს”

„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ევროპის საბჭო, როგორც ორგანიზაცია, დაესუსტებინა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს რამდენიმე წელია აქვს მცდელობა, რომ თავი აარიდოს სანქციებს და არ შეასრულოს არცერთი ვალდებულება, რომელიც მას უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში აქვს დაკისრებული.

„გუშინ ევროსაბჭომ რუსეთს ამაზე უარი უთხრა. ევროსაბჭომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ევროსაბჭოში მიღებული სხვადასხვა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და თუ რუსეთს უნდა, რომ დარჩეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, უნდა დაიწყოს ვალდებულებების შესრულება.
„მათი მუქარა, რომ დატოვებენ ევროსაბჭოს, არარეალურია. ვფიქრობ, რომ რუსეთს სჭირდება აღიდგინოს ის ზიანი, რაც წლების განმავლობაში მის რეპუტაციას მიადგა. მთავარია, რომ ევროპის ქვეყნები იყვნენ პრინციპულები, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. გუშინ, მათ დაიკავეს ეს პრინციპული პოზიცია და ამიტომ, მათი გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები