სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: ყველა ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი

ყველა სადავო ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საუბარია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მედიაში გასულ აუდიოჩანაწერებზე.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გუშინ, 4 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟი.
“ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ვიდეო ჩანაწერები არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიკაციისათვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ყველა სადავო ვიდეო ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი. მონტაჟის მონაკვეთები დეტალურად აღნიშნულია დანართის ნაწილში. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ყველა სადავო ფონოგრამაზე აღინიშნება რედაქტირების კვალი, კერძოდ სპეციალური რედაქტორების/პროგრამების გამოყენებით მათზე დადებულია სხვა ფონოგრამებიდან აღებული ფონი, თითოეული სადავო ფონოგრამის გარკვეული ნაწილები არის გადაადგილებული, ზოგან ჩასმული სხვა ფონოგრამიდან ან ფონოგრამებიდან, ზოგან კი ამოჭრილია გარკვეული მონაკვეთები. რედაქტირებების შემდეგ, საბოლოოდ მიღებულია შერჩევითი ფიქსაციის გზით შეცვლილი შინაარსის ფონოგრამები, რომლებიც გაერთიანებული იქნა კოპრესიის გზით ვიდეო ჩანაწერებთან. ზევით აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდეგნილი ყველა სადავო ვიდეო ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები