“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული სოფლის გადარჩენაა“

  ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქართული სოფლის გადარჩენა, აგრარული სექტორის ხელშეწყობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ზუგდიდში დაწყებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას, ოჯახების კეთილდღეობას.
“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქართული სოფლის გადარჩენა, აგრარული სექტორის ხელშეწყობა. ჩვენ გლეხებს, ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ იაფი კრედიტებით, აგროსესხებით, რაც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებასა და სიძლიერეს, ვეხმარებით და გვერდით ვუდგევართ მცირემიწიან გლეხებს.
ახლა რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ:
დეტალურად ვსწავლობთ ანაკლიის პროექტს. მე აქ, ზუგდიდში ამ ცოტა ხნის წინ უკვე განვაცხადე, რომ ანაკლია უნდა გახდეს მსხვილი საპორტო პუნქტი. სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას, ოჯახების კეთილდღეობას.
სამეგრელოს წარმტაცმა და განუმეორებელმა ბუნებამ შეუძლებელია გულგრილი დატოვოს ვინმე. ამიტომ უნდა ვიფიქროთ სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებაზე. ჩვენ ამაში ხელს შეგიწყობთ, გპირდებით!
სწორედ აქ, სამეგრელოში დღეს მინდა დავაანონსო ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ხვალ თბილისში გაიმართება. ჩემი ინიციატივით იწყება სახელმწიფო პროგრამა – ,,აწარმოე საქართველოში“. ეს გულისხმობს ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონსა და ბოლოს ყველა სოფელში ტრადიციული ქართული წარმოების აღდგენას და აღორძინებას. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი პროდუქცია, რომლის შემოტანის აუცილებლობაც არ გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს სამუშაო ადგილებს და ხალხი დასაქმდება. ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს უცხოურს და ყველასთვის საამაყო იქნება. ეს არის ჩემი ოცნება და ჩვენ ამას შევძლებთ!
ჩვენ დაგპირდით და წელს ზუგდიდს, ამ ისტორიულ ქალაქს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მივანიჭეთ. ზუგდიდი დაიბრუნებს თავის ძველ დიდებას! ჩვენ აღვადგენთ ამ ქალაქის მშვენებას – ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლეს, რომელიც ევროპასთან ურთიერთობის საუკუნენახევრიან ისტორიას ითვლის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები