ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევძლებთ და ვიპოვით გზას ჩვენი აფხაზი ძმების გულებისკენ!

    ჩვენ შევძლებთ და ვიპოვით გზას ჩვენი აფხაზი ძმების გულებისკენ! მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, აფხაზი ძმები საქართველოსკენ ისე უნდა შემოვაბრუნოთ, რომ მათ აღარ ჰქონდეთ დარჩენილი არც ერთი კითხვა და საქართველოში თავიანთი უსაფრთხო და სტაბილური მომავალი დაინახონ.
ღარიბაშვილი თქმით, ეს მაშინ მოხდება,როცა მთელი საქართველო მათ შორის სამეგრელო აყვავდება.
“აქედან ძალიან ახლოს აფხაზეთია. მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე მეტად სწორედ სამეგრელო გრძნობს იმ დიდი ტკივილის სიმძიმეს, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. მეგრელებსა და აფხაზებს განსაკუთრებული ურთიერთობები გქონდათ ყოველთვის და ამიტომაც, სწორედ აქ, სამეგრელოში მინდა ვთქვა: ჩვენ, ქართველები და აფხაზები ისევ ვილაპარაკებთ საერთო ენაზე! ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი ძმების ნდობას და ღირსეულ თანაცხოვრებას შევძლებთ! ძალით მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. აფხაზი ძმები საქართველოსკენ ისე უნდა შემოვაბრუნოთ, რომ მათ აღარ ჰქონდეთ დარჩენილი არც ერთი კითხვა და საქართველოში თავიანთი უსაფრთხო და სტაბილური მომავალი დაინახონ. ეს მაშინ მოხდება, როცა სამეგრელო აყვავდება, როცა მთელი საქართველო აყვავდება.
პირველ რიგში, ჩვენ დავეყრდნობით იმ განწყობას, რომელიც აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ შევძლებთ და ვიპოვით გზას ჩვენი აფხაზი ძმების გულებისკენ! მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას!
აფხაზეთში დაბრუნებამდე, ჩვენი მიზანია დევნილებს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები. ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ საკუთარი ჭერის გარეშე. მათთვის აქ, ზუგდიდში, ვაშენებთ 8 საცხოვრებელ კორპუსს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღარავის ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილის დამღით ცხოვრობს.
ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. დღეს ყველა ადამიანს ჯანდაცვის ხარჯებს სახელმწიფო უფინანსებს.
იცით, რომ ზუგდიდში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აშენდება რეგიონალური მნიშვნელობის ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი. და ეს იმიტომ გადაწყდა, რომ მეგრელებს განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდათ ექიმობის. აქაურია არაერთი ცნობილი და სახელგანთქმული ექიმი და ამ ტრადიციას ხელი უნდა შევუწყოთ.
ჯანდაცვასთან ერთად სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს განათლებაზე. განათლება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ჩვენ გზას ვუხსნით ყველას და ცოდნის მიღების საშუალებას ვაძლევთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები