ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის ყველა უფლება
დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის ყველა უფლება. სასამართლო დამოუკიდებელია, მედია თავისუფალია, ბიზნესი ხელშეუხებელია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ასოცირების სიკეთეები თითოეულ ადამიანს შეეხება.
“დღეს ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს!
დღეს ხალხი თავისუფალია და აღარ აქვთ პოლიტიკური დევნის შიში, დამცირებისა და წამების შიში! ჩვენ ეს გავაკეთეთ!
ახლა ჩვენ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს ევროპული, მოწინავე ქვეყნების რიგში.
სულ მალე ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი. ეს სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს, თქვენ შეძლებთ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება თქვენთვის. ეს იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვეძლევა შანსი, დავუბრუნდეთ ევროპულ ცივილიზაციას, გავხდეთ მისი ნაწილი. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაკავშირებს ევროპასთან. მათაც სწორედ ისეთი დამოკიდებულება აქვთ ოჯახის მიმართ, როგორც ჩვენ საქართველოში.
ჩვენთვის ოჯახი ყველაზე წმინდა და პატივსაცემია და ყველაზე მეტად სწორედ ოჯახურ ტრადიციებსა და ღირებულებებს ვუფრთხილდებით“,-აღნიშნა პრემიერმა.