„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „ბაღების საქმეზე“ პროკურატურამ საქმისწარმოება დაიწყო
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერობის კანდიდატებს მიმართავს და „ბაღების საქმესთან“ დაკავშირებით, მკაფიო პოზიციის გამოხატვას მოითხოვს, რომლითაც მათი თქმით, შესაძლებელი გახდება თბილისის მერიის მომავალი ადმინისტრაციის რაციონალური გადაწყვეტილება ბაგა–ბაღებიდან გათავისუფლებული მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო საქმისწარმოება, რომელმაც მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი უნდა დაადგინოს. საქმე ეხება თბილისის მთავრობის 2007 წლის აგვისტოში მიღებულ დადგენილებას, რომლის საფუძველზე დედაქალაქში დაიწყო ბაგა–ბაღების ოპტიმიზაციის პროცესი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჩამოყალიბდნენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და მერიის გადაწყვეტილების თანახმად, მოქმედი ბაგა–ბაღების გამგეები, განსაზღვრული ვადით, დაინიშნენ თავისივე ბაგა–ბაღების დირექტორებად. დედაქალაქის მთავრობამ დაპირება არ შეასრულა, რომლის საფუძველზეც, დირექტორებს შრომითი ხელშეკრულებები უნდა გაფორმებოდათ. პირიქით, მერიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამოაცხადა დირექტორთა შესარჩევი კონკურსი, მაშინ, როდესაც დედაქალაქში, არც ერთი ბაგა–ბაღის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური არ ყოფილა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კანონიერი საფუძვლების დადგენას მოითხოვს ბაგა–ბაღების დირექტორების კონკურსის შემდგომი პროცესიც.
“ფაქტობრივი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილ მონაწილეებს შესაძლებლობა არ მიეცათ მიემართათ აპელაციისთვის. ასეთმა კონკურსანტებმა ვერც საკუთარი ნაშრომები მიიღეს, რადგანაც თბილისის მერიამ, ნაშრომები, კონკურსის გამართვისთანავე გაანადგურა და მიუთითა, რომ მისი შეანხვის არავითარი საჭიროება აღარ იყო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მერიამ კონკურსის მიმდინარეობის პროცესში რამდენჯერმე შეცვალა საკონკურსო პირობებიც და დაადგინა კონკურსანტთა ასაკი 65–დან 60–წლამდე, ხოლო პედაგოგიური შრომის სტაჟის დადგენილი მოთხოვნა გააუქმა, რაც კონკურსანტების მხრიდან მიზანმიმართულ და დისკრიმინაციულ ქმედებად შეფასდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ბაღების საქმეზე“ თბილისის მერიის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას დაუთმობს ყურადღებას, რა დროსაც, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორებს შრომითი ხელშეკრულებები კონკურსის შედეგების შესაბამისად ისე შეუწყდათ, რომ სხვა რაიმე სამართლებრივი აქტი მერიის მხრიდან გამოცემული არ ყოფილა. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებით მტკიცდება, რომ თბილისის მერიამ გააუქმა ის, რაც არ არსებობდა. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებებს, ბაგა–ბაღების ყოფილი დირექტორები პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან დათხოვნის შემთხვევად განიხილავენ. კონკურსს მიღმა აღმოჩენილი მოქალაქეები მიუთითებენ, რომ თბილისის მერიამ გამოცხადებული კონკურსით თანამდებობიდან ყველა ის არასაიმედო კადრი დაითხოვა, რომელიც არ იზიარებდნენ ყოფილი მმართველი პარტიის ინტერესებს, არ ახორციელებდნენ პარტიულ დავალებებს და სკოლამდელი აღზრდის სისტემაში ახალი თანამშრომლები პარტიული ერთგულების ნიშნით, მათ შორის ნეპოტიზმის საფუძველზეც შეირჩა“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ბაღების საქმეზე“ თბილისის მერიის მომავალ ადმინისტრაციას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა კომისიის შექმნის წინადადებითაც მიმართავს და მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია, საქმის სრულფასოვანი გამოძიებაც.
მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ გარემოებების აღნიშვნაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სააპელაციო ეტაპზე, დედაქალაქის მთავრობის დადგენილებები კანონიერ ძალაში დარჩა. საქმე განუხილველი დატოვა საკასაციო სასამართლომ, თუმცა მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ე.წ. „საჩვენებელი“ სხდომები გამართა, ვინაიდან პროცესს აკვირდებოდა საერთაშორისო მონიტორები, რაც სააპელაციო ეტაპზე აღარ გაგრძელებულა.
მათი თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდგომ გადაწყვეტილებებს, ბაგა–ბაღებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, პოლიტიკური დავალების შესრულებად მიიჩნევენ.