“ხობიჰესის” პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უდავოდ დიდია“
“ხობიჰესის” პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ენერგეტიკისა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უდავოდ დიდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში განაცხადა, სადაც მდინარე ხობისწყალზე “ხობიჰესი 2”-ის მშენებლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი.
“აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს. ამ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებიდან უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება. ეს მშენებლობები ნიშნავს ინფრასტრუქტურის მუდმივ განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ აშენდება, ასევე ახალი გზა. ეს იქნება ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილი. თქვენ ხედავთ, რა ბუნებაა აქ. ჩვენ დავიწყებთ აქ ახალი პროექტების მშენებლობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 55მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 260მლნ.კვტ.სთ იქნება. მისი მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება. იგი დღე-ღამური რეგულირების მქონე ჰიდროელექტროსადგური იქნება და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. პროექტს შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=E9Ayq9FQx5w” width=”560″ height=”315″]