„გზებზე ვხედავთ მანქანებს, რომლებიც შავად ბოლავენ“ – მესხიშვილის განცხადებით, ტექდათვალიერების პირველი ეტაპი ჩავარდნილია

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პირველი ეტაპი ჩავარდა. ამის შესახებ მესხიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები გზებზე კვლავ მოძრაობენ.
„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპი, რომელიც დაიწყო 1 იანვრიდან და ეხებოდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე მათ, რომელთაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეტაპი ჩავარდა. ჩვენ გზებზე კვლავ ვხედავთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც პირდაპირი გაგებით შავად ბოლავენ, ისედაც ჩანს, რომ ტექნიკურად გაუმართავია. ჩვენ როდესაც ვამოწმებთ ხოლმე, ზოგიერთს გავლილი აქვს დათვალიერება და თუ გავლილი აქვს ინსპექტირება, მაშინ გზებზე როგორ მოხვდნენ? ზოგიერთს საერთოდ არ აქვს გავლილი და თუ არ აქვს გავლილი, ამ შემთხვევაში რა მექანიზმი მუშაობს“, – განაცხადა მესხიშვილმა.
მესხიშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი თქმით, რეფორმის პირველი ეტაპი ჩავარდა.
„ჩავარდნის მიზეზებს რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბებ:
1 . ეს არის ის, რომ კანონის აღსრულება პრაქტიკულად ნულს უდრის, არ ტარდება შესაბამისი სანქციები, ამის მექანიზმი არ არის მოფიქრებული.
2. ინსპეტირების სისტემაში არის სერიოზული პრობლემა, ჩვენ ვხედავთ, რომ ინსპექტირების გავლის შემდეგაც კი ავტომობილები, კვლავ ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც არის.
3. სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ გამკლავებოდა გარკვეულ თაღლითურ მომენტებსაც, მათ შორის მძღოლების მხრიდან, რომლებიც, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, საწვავში ურევენ რაღაც ნივთიერებას და გადიან ადვილად.
ყველაზე მთავარი: მთლიანად ამ სისტემას, რომლის პირველი ეტაპი ნამდვილად ჩავარდნილია, არ ჰყავს ხელმძღვანელი, კონკრეტული პირი, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობს რეფორმას, არის მენეჯერი და აწარმოებს მონიტორინგს, თუ სადმე დარღვევაა, რამე გამოსასწორებელია, თუ არა და ა.შ. ჩვენი კანონმდებლობით ტრანსპორტის პოლიტიკას განსაზღვრავს ეკონომიკის სამინისტრო, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ამ პროცესზე ეკისრება ეკონომიკის მინისტრს. ჩვენ არ ვიცით, ის ჩართულია თუ არა ამ პროცესებში, აქვს, თუ არა ინფორმაცია. გულდასაწყვეტია ძალიან იმიტომ, რომ ეს ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს ასოცირების ხელშეკრულებითაც, არის ევროდირექტივებიც რომლებიც უნდა შესრულებულიყო. ფურცლებზე ყველაფერი დაწერილია, რეალურ ცხოვრებაში თითქმის არაფერია შეცვლილი“, – განაცხადა მესხიშვილმა.
მისივე თქმით, პირველი იანვრიდან ინსპექტირების პროცესი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება.
„მთავრობას ვეუბნებით, რომ ეს პროცესი ჩავარდნილია და თუ ისინი დროულად არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ჩავარდება მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ინსპექტირება ხდება საყოველთაო პირველი იანვრიდან. პირველი იანვრიდან ინსპექტირების პროცესი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება იმიტომ, რომ ახლა ამ დატვირთვას ვერ უძლებს და ამ დატვირთვის პირობებშიც კი უამრავი ხარვეზი გვაქვს, ადვილად წარმოსადგენია, რა იქნება მაშინ, როდესაც ინსპექტირება იქნება საყოველთაო“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
ცნობისთვის, პირველი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები ექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა) 2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. 1-ელი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. 1-ელი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. 1-ელი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები