რატომ შეიძლება, გაიზარდოს ელექტროენერგიის ფასი ჰესების გამო? – „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის განმარტება

მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობამ, შესაძლოა, მომავალში ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დოკუმენტი ნენსკრა, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესების შესახებაა მომზადებული. შეფასება ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნითაა დაწერილი.
„რა არის მნიშვნელოვანი ამ დოკუმენტში?! – პრაქტიკულად, ის წარმოადგენს გაგრძელებას ,უფრო ღრმად ჩახედვას , გამოკვლევასა და შეფასებას სავალუტო ფონდის მიერ შარშან გამოქვეყნებული დოკუმენტისას, სადაც, ასევე გაკრიტიკებული იყო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელიც ფორმდებოდა და უკვე 84 გვაქვს. გაკრიტიკებული უნდა იყოს ეს დოკუმენტები, იმიტომ, რომ, ის შეიცავდა უამრავ ფისკალურ რისკს ქვეყნისა და ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
მსოფლიო ბანკის ამ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა 3 ჰიდროელექტროსადგურზე. ეს არის ნენსკრა, ნამახვანი , კორომხეთი. პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ არ არის შეფასებული „ხუდონჰესი“,- განაცხადა ჭიპაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარია ამ ჰესებიდან მომდინარე ფისკალურ დანახარჯებზე ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
„ამ დოკუმენტში შეფასებულია შემდეგი რამ: მაგალითად ნენსკრა ჰესის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებაში, რომელიც კონფიდენციალურია, სხვათა შორის, და დღემდე არ არის საჯარო , აღებული ვალდებულება რომ 36 წლის განმავლობაში გარანტირებულად შევისყიდით ამ ჰიდროელექტროსადგურიდან, მის მიერ გამომუშავებულ მთლიან ელექტროენერგიას, დაგვჭირდება, თუ არ დაგვჭირდება. ეს მთლიანი ელექტროენერგია არის არა მცირე რაოდენობა, არამედ საუბარია მილიარდ ორასი მილიონ კილოვატ საათზე. ამას ემატება ნამახვანი, კიდევ უფრო დიდი ჰიდროელექტროსადგური , კორომხეთი ჰესი – აჭარაში“, – ამბობს ჭიპაშვილი.
მისივე თქმით, შეფასების მიხედვით აღმოჩნდა ისე, რომ საქართველოს მომავალში ექნება ჭარბი ელექტროენერგია , ~რომელსაც ექსპორტზეც ვერ გაიტანს.
„ანუ ზედმეტი ენერგია, რომელიც დარჩება საქართველოში და ვერც ჩვენ მოვიხმართ, ყველაზე საინტერესეო ის არის, რომ ეს ჭარბი ელექტროენერგია დატვირთული იქნება ვალდებულებით სახელმწიფოს მხრიდან მისი შესყიდვის შესახებ. ზოგადად, საბაზრო პრინციპი იმასთან დაკავშირებით, რომ რაც უფრო ბევრია დენი, პროდუქცია, მოთხოვნა არ არის ამ პროდუქციაზე და ეს გამოიწვევს ფასების შემცირებას, ამ შემთხვევაში ეს მოდელი დამახინჯებულია , იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ არის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები გაფორმებული და ჩვენ მივდივართ სიტუაციისკენ, როდესაც გვექნება ჭარბი ენერგია, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ამ ჭარბმა ენერგიამ გამოიწვიოს ელექტროენერგიაზე ფასების შემცირება , პირიქით, ეს გამოიწვევს ზრდას, იმიტომ რომ, გვინდა, თუ არ გვინდა, სახელმწიფოს ასეთი ვალდებულებები აქვს ჩადებული, რომ უნდა იყიდოს. ყველაზე საინტერესო მომენტი, რაზეც მსოფლიო ბანკის ექსპერტები ამ შეფასებაში აქცენტს აკეთებენ, არის ის, თუ რატომ გაიზრდება ტარიფი. გაანალიზებულია საექსპორტო ბაზარი და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს ელექტროენერგია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. მაგალითად, თურქეთში შემცირდა ფასები 4,5 ცენტამდე , რუსეთში 3 ცენტიდან 2 ცენტამდე დავიდა ფასები. ჩვენ მივდივართ სიტუაციამდე, როდესაც ფასები მკვეთრად იწყებს ზრდას არა, ვთქვათ 2030 წელს, არამედ მომავალი წლიდან და ეტაპობრივად, ეს ზრდა არის მკვეთრი. 2030 წელს მიაღწევს თავის მაქსიმუმს 22, 7 თეთრს, ამ კვლევის მიხედვით.
როგორ უნდა დაიფაროს აღებული ვალდებულებები ინვესტორების წინაშე, რომელიც არ არის 1- და 2-წლიანი, მრავალწლიანია. 2 გზაა: პირველი ეს არის, რომ უნდა აისახოს ტარიფში და თითოეულმა ჩვენგანმა გადავიხადოთ, ან წარმოიქმნება კვაზი-ფისკალური დანახარჯები ბაზრის კომერციული ოპერატორისთვის, კვაზი იმისათვის, რომ რეალურად ბიუჯეტის გადასახდელი იქნება. ამიტომაც, იყო ინტერესი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ეს კვლევა შესრულებულიყო, მათ ბიუჯეტზე ზემოქმედება აინტერესებდათ“, – განაცხადა ჭიპაშვილმა.
მისივე თქმით, უნდა გადაიხედოს ხელშეკრულებები.
„სასწრაფო წესით უნდა დაიწყოს ხელშკრულებების გადახედვა და ამ დოკუმენეტების შეფასება, 84 ხელშერკულებაზე გვაქვს საუბარი.
მნიშვნელოვანია, ამ ხელშეკრულებების ავტორების მიმართ გამოძიების დაწყება, როგორც მინიმუმ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ჭიპაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – განაცხადეს სამინისტროში.
„რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს – ფისკალურ ანალიზს.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მასშტაბურია უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს.
შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთის მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორეს მხრივ კი კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები