დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენისა და საქართველოში შემოტანისთვის, ირანის ოთხ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ირანის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ყ.-მ, ჟ.ყ.-მ, ა.ჯ.-მ და ს.ბ.-მ საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს 1033,79 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც  ფეხსაცმელებში მოათავსეს და 2018 წლის 17 სექტემბერს სასაზღვრო გამშვები პუნქტის სადახლოს გავლით, უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე პირი 2018 წლის 18 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტის, სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა რ.ყ.-ს, ჟ.ყ.-ს, ა.ჯ.-ს და ს.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. რ.ყ.-სთვის, ჟ.ყ.-სთვის, ა.ჯ.-სა და ს.ბ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები