„თუ თერგის წყლის დონემ მოიმატა, საშიშროება ვლადიკავკაზის მოსახლეობას შეექმნება“
ყაზბეგიდან ლარსამდე მიმავალი მაგისტრალის 30-40 მეტრი გზის სავალი მთის მოწყვეტის შედეგად დაგროვილმა წყალმა დატბორა, – ამის შესახებ „კვირას“ ყაზბეგის დეპუტატმა მირიან წიკლაურმა განუცხადა.
როგორც „კვირას“ წიკლაურმა განუცხადა, ამ დროისათვის მდინარე თერგში წყლის დონემ დაიკლო. მისი თქმით, მდინარის წყალმა კალაპოტი თავადვე მოძებნა და სხვა მიმართულებით მიემართება. თუმცა, მისივე თქმით, თუკი დაგროვილი წყალი გადმოვა, საფრთხე ემუქრება, როგორც ლარსის საბაჟო – გამშვებ პუნქტს, ასევე დარიალის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც წყლით დაფარული მაგისტრალის ზონაში მდებარეობს.
„წინასწარი ვერსიით, მყინვარწვერიდან ყინული მოტყდა და დიდი ოდენობის მიწაც მოწყვიტა, რამაც მეწყერი გამოიწვია. გზის სავალი ნაწილი ჩახერგილია. გზა გადაკეტილია. არ გამოვრიცხავთ, რომ გზაზე მეწყერში ავტომანქანები იყოს მოყოლილი. საბაჟო და სასაზღვრო ჯარისკაცები უკვე გამოვიყვანეთ. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ თუ თერგის წყლის დონემ მოიმატა, მაშინ საშიშროება ვლადიკავკაზის მოსახლეობას შეექმნება“, – ამბობს წიკლაური.