„მომხდარს „დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს“
დარიალის ხეობაში, მდინარე თერგში მილიონი კუბური მეტრი მიწის მასაა ჩამოსული, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სტიქიის ადგილის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მეწყერმა რამდენიმე სატვირთო მანქანა მოიყოლა.
“პრემიერის დავალებით, ყველა სამინისტრო მობილიზებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება დროულად მოგვარდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომხდარს “დარიალი ჰესის” მშენებლობასთან კავშირი არ აქვს.
“ამ ეტაპისთვის საშიშროების საფრთხე არ არსებობს, რადგან დაგუბებული მდინარის დონემ რამდენიმე მეტრით დაიწია და წყალმა დაიწყო გადინება”, – აღნიშნა კალაძემ.