ელგუჯა ხოკრიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები დარიალის ხეობაში გაემგზავრნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ სუდაძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები დარიალის ხეობაში გაემგზავრნენ, რათა იქ შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნონ. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მთის მასის მოწყვეტის გამო, დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე, გადაიკეტა მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისთვის, ამ მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია. მთის მასა ხეობაში რამდენიმე საათის წინ მოწყდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, ამ დროისთვის არ დასტურდება.