ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს თბილისში მრავალი ღონისძიება იგეგმება
პროექტი – „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“
საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ წელს მეხუთედ განახორციელებს პროექტს – „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“.
როგორც „კვირას“ „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ წარმომადგენელმა გიორგი სავანელმა აცნობა, პროექტი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს ეძღვნება და მნიშვნელოვანია როგორც სოციო-კულტურული, ასევე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების სტიმულირების თვალსაზრისით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისში თითქმის მთელი დღის მანძილზეა გადანაწილებული.
13:00 – პროექტის გახსნა, ოფიციალური მისასალმებელი ნაწილი. მცირე ექსკურსი ილიას შესახებ – სიონის ტაძრის ეზო;
14:00 – მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე. საზოგადოება სიმბოლურად ფეხით გაივლის იმ გზას, რა გზითაც ილია უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველმა ხალხმა. მსვლელობა გაფორმდება ილიას ნაწარმოებების საარქივო „ოქროს ფონდის“ ჩანაწრებით;
15:00 – მთაწმინდის პანთეონში გაიმართება ლიტერატურულ-თეატრალიზებული ინტერმედია თანამედროვე მწერლებისა და მსახიობების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: თინათინ მღვდლიაშვილი, ტარიელ ხარხელაური, მზია ხეთაგური, თემურ ჩალაბაშვილი, მიხეილ ღანიშაშვილი და ელგუჯა მარღია. ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობები – დარეჯან ხარშილაძე და ია სუხიტაშვილი, ნ. დუმბაძის სახ. თეატრიდან – ქეთევან შერვაშიძე, ქეთი ქიტიაშვილი, გიორგი იარაჯული, ახმეტელის თეატრიდან – მზია ტალიაშვილი.
ასევე მთაწმინდაზე, ღონისძიების შემდეგ შედგება წლევანდელი ფორმატის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. წელს, საჯაროდ პირველად შედგება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური პრემიით დაჯილდოების ცერემონია. სიმბოლურად მთაწმინდაზე, ილიას საფლავთა,ნ გაიცემა „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“.
17:00 – დამსწრე საზოგადოება და დაინტერესებული პირები ესტუმრებიან ილიას მემორიალურ სახლ-მუზუმს, დაათვალიერებენ იმ ბინას და სივრცეს, სადაც ილიამ სიცოცხლის ბოლო დღე გაატარა და წიწამურის ტრაგედიამდე უკანასკნელად სწორედ ამ სახლიდან გავიდა.
მუზეუმის მონახულების შემდეგ, შეკრებილი საზოგადოება და მოზარდები მოისმენენ და ჩაერთვებიან „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ საგანმანათლებლო პროგრამებში: „მუსიკა ილიას სახლში“ და „ცოცხალი ნახატები”.
ღონისძიებებზე დასწრება როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.
პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერიის ღონისძიებების დეპარტამენტი; საქართველოს საპატრიარქო, თბილისის მუზეუმების გაერთიანება, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, „საირმე მინერალ ვოთერს“, „ნაყინი – ლიდერი XXI“, ტელეკომპანიები – „იბერია“ და „ერთსულოვნება“, საინფორმაციო პორტალები -„კვირა“, „ლიბერალი“, „artinfo“.
როგორც პროექტის ავტორი, გიორგი სავანელი /დრამის რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/ განმარტავს, პროექტის მიზანია: ილია ჭავჭავაძის სახელის პოპულარიზაცია, მისი იდეების საჯაროდ დამკვიდრების სტიმულირება, ილიას მოღვაწეობის საბჭოთა პოლიტკონიუნქტურის გარეშე გადააზრების ხელშეწყობა. ეს ყოველივე კი, საჯარო, სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობებით იქნება მოწოდებული, რაც შინაარსობრივი მხარის აღქმას შეუწყობს ხელს. 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ანტიოკუპაციური შინაარსით იქნება დატვირთული და აქცენტი გაკეთდება რუსული ჩაგვრის წინააღმდეგ ილიას მოღვაწეობის წარმოჩენაზე.