ჭიათურაში, მღვიმევის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფ. მღვიმევში მდებარე XIX საუკუნის II ნახევარის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 3 აგვისტოს  ბრძანებით მიიღო.
დარბაზული ტიპის ეკლესია ნაგებია უხეშად ნათალი ქვით დუღაბზე. სავარაუდოდ, ტაძარს უნდა ჰქონოდა შვერილი აფსიდი. ჩამოქცეული კედლებიდან ყველაზე უკეთ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი, რომელზეც გაჭრილია ერთი კარი და ორი სარკმელი. თაღოვანი ფორმის კარ-სარკმელთა საპირეები გაფორმებულია ლილვებით. კუთხის წიბოები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. ადგილ-ადგილ შეინიშნება მარტივად პროფილირებული ლავგარდანი. ჩრდილოეთ კედელი შიდა მხრიდან დანაწევრებულია პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი თაღებით, ასეთივე იქნებოდა სამხრეთის გრძივი კედელიც. შემორჩენილია სამკვეთლოს ნაწილი, რომელშიც ქვედა მხარეს ერთმანეთის გვერდზე გაჭრილია ორი სხვადასხვა ზომის ნიშა. დასავლეთ კედელში ჩრდილოეთით იკითხება ერთი სარკმელი, სავარაუდოდ, ასეთივე სარკმელი უნდა ყოფილიყო სამხრეთ ნაწილშიც, ხოლო მათ შუა, სავარაუდოდ, კარი იქნებოდა გაჭრილი.
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული დეტალები (კარ-სარკმელთა მოყვანილობა, ლილვები, პილასტრები და მათზე გადაყვანილი თაღები). ნაგებობა მე-19 ს-ის მეორე ნახევარის საეკლესიო მშენებლობის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები