კახეთში რთველი შეფერხების გარეშე გრძელდება

რთველი 2018-ის ფარგლებში, ყურძნის გადამუშავების განვლილი დღე-ღამის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია: 50-მდე ღვინის საწარმოს ყურძენი 925-მა მევენახემ ჩააბარა, სულ დღე-ღამეში გადამუშავდა 6 ათას ტონამდე ყურძენი.
8 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 23 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 14 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი – სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 37 მლნ ლარს გადააჭარბა.
„განვლილ დღე-ღამეში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიშნავს, რომ რთველი პიკის ფაზაშია. რამდენიმე საწარმო, რომელიც რთველის პროცესში დასაწყისიდან ჩაერთო, გადაივსო და ამ ეტაპზე, მუშაობა შეაჩერა, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა რთველის დროს. ამის მიუხედავად, ყურძნის ჩაბარება არ შეფერხებულა, რადგან რთველის პროცესში ახალი საწარმოები ერთვებიან. კახეთის ყველა რეგიონში ღვინის საწარმოები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ყურძნის მიღებას,” – აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.
ყურძნის გადამუშავების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მევენახეებს მხოლოდ რამდენიმე საათს მოუწიათ რიგში დგომა, რაც აქტიური რთველისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ყველა მევენახეს მიეცა. 7 სექტემბერს, კახეთის მასშტაბით, რთველის პროცესში ჩართული იყო 50 კომპანია: გურჯაანში – 16; თელავში – 16; ყვარელში – 10; ახმეტაში – 3; დედოფლისწყაროში – 1; ლაგოდეხში – 1; საგარეჯოში – 2 და სიღნაღში – 1.
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის, 150-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. ყურძენი უკვე გადაამუშავა 71-მა ღვინის კომპანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები