,,თუ ადეკვატური პრემია და ხელფასი არ გაიცა, საჯარო სამსახური უინტერესო გახდება“
თუ საჯარო სამსახურში ადეკვატური ხელფასები არ იქნება, თანამშრომლები არ მიიღებენ პრემიებს, საჯარო სამსახური საქართველოში ძალიან მალე აბსოლუტურად უინტერესო გახდება – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტოქშოუ “რეაქციაში“ სამინისტროებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით განაცხადა.
“მე მინდა ვთქვა პრემიებთან და ხელფასებთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპს ვუჭერ მხარს. ეს არის შემდეგი პრინციპი, როდესაც ადამიანი შრომობს, მას უნდა ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება. დღეს ჩვენს ქვეყანაში შემთხვევების 90 პროცენტში ეს ასე არ არის და ამის გაუმჯობესებისთვის მთავრობა მუშაობს. თუ საჯარო სამსახურში ადეკვატური ხელფასები არ იქნება, თუ საჯარო მოხელეები მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები მათი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით არ მიიღებენ პრემიებს, გულახდილად გეტყვით, რომ საჯარო სამსახური საქართველოში ძალიან მალე აბსოლუტურად უინტერესო გახდება და მას კომპეტენტური კადრები დატოვებენ. სწორედ ამ პრონციპს ვიზიარებ. მე პირადად არ ვიღებ არანაირ პრემიას და დანამატს, ხელზე მაქვს 5000 ლარი. როდესაც წლების განმავლობაში თვეში მე მქონდა 17 და 18 ათასი სტრასბურგის სასამართლოში, მე მიმაჩნია, რომ ეს ის ხელფასია, რომლისთვისაც ღირს, რომ ვემასახურო ჩემს სამშობლოს, მაგრამ ვთვლი, რომ ის საჯარო მოხელეები, რომელბიც ჩემთან მუშაობენ, არიან კვალიფიციურები, და როგორც კი მათ არ ექნებათ ადეკვატური ანაზღაურება, ისინი კერძო სექტორში გადავლენ. დღეს საჯარო სამსახურში ჩვენ ვცდილობთ და ძლივს ვახერხებთ, კონკურენცია გავუწიოთ კერძო სექტორს, იმიტომ, რომ ჩემი ძალიან ბევრი კომპეტენტური კადრი კერძო სექტორში გადასულა. ის, ვინც იმსახურებს ,მას უნდა ჰქონდეს პრემია, ვინც არ იმსახურებს, ის არ უნდა იღებდეს პრემიას, ან უნდა ტოვებდეს საჯარო სამსახურს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.