რუსთაველის თეატრი 140-ე სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლით „ვანო და ნიკო“ გახსნის
8 სექტემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრი 140-ე სეზონს გახსნის. როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას სპექტაკლი „ვანო და ნიკო“. ხოლო თეატრის ფოიე კარლო საკანდელიძის წიგნის წარდგენას და ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო არსენიშვილი, მიხეილ არჩვაძე, დავით დარჩია, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე; მხატვარი: მირონ შველიძე; კოსტიუმების მხატვარი: ანა ნინუა;
კომპოზიტორები: გია ყანჩელი და ნიკა მაჩაიძე; ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე;
მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძის; რეჟისორის თანაშემწე: თეა მარგველაშვილი.
კარლო საკანდელიძის წიგნის პრეზენტაცია და ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა 8 სექტემბერს, 18 საათზე, თეატრის ფოიეში გაიმართება. წიგნის პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის დასის წევრები.
რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლო საკანდელიძემ 61 წელი გაატარა. ამ ხნის მანძილზე მან 80-მდე როლი შეასრულა თეატრში და 50-მდე კინოში. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებელმა შეიყვარა და დაიმახსოვრა.
ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეულ მსახიობს, კარლო საკანდელიძეს წელს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.