ილია ჭავჭავაძის პრემიის მფლობელი 12 სექტემბერს გამოვლინდება
„ილია ჭავჭავაძის პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ – წლევანდელი ჯილდოს მფლობელი 12 სექტემბერს გახდება ცნობილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით, გასულს წელს, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით დაარსდა ყოველწლიური ჯილდო „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, რომელიც შარშან პირველად გაიცა და იგი გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს. დაჯილდოება კი საპატრიარქოში გაიმართა.
წელს უკვე მეორედ გაიცემა აღნიშნული პრემია. პრემიის წლის ლაურეატს არჩევს და ასახელებს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მიერ სპეციალურად შექმნილი, პრემიის მინიჭების განმხილველი 9 -კაციანი სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც დასახელებული კანდიდატებიდან ფარული კენჭისყრით გამოავლენს ლაურეატს.
საბჭო დაკომპლექტებულია საზოგადოების ცნობილი და ავტორიტეტული წარმომადგენლებით, რომელშიც შედიან: ლია სტურუა /პოეტი/, ბაღათერ არაბული /პოეტი, მწერალი/, კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი/, ივანე ამირხანაშვილი /კრიტიკოსი, ლიტერატორი/, ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი, მედია-პროდიუსერი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/, დეკანოზი გიორგი წეროძე /ფილოსოფიის ფოქტორი/ და გიორგი სავანელი /დრამის რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/.
ფონდის ამ საპატიო ჯილდოს ლაურეატს გადაეცემა, ექსკლუზიურად პრემიის ჯილდოსათვის შექმნილი ბრინჯაოს სკულპტურა „ილია ჭავჭავაძე“ (ავტორი: მოქანდაკე გია ჯაფარიძე) და ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი.
როგორც ფონდის მესვეურები აცხადებენ, პრემიის მიზანია: საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის და მათდამი ინტერესის ზრდა, სტიმულირება; საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმოამდგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება.
„პრემიის წლევანდელი ლაურეატი უკვე გამოვლენილია და მისი ვინაობა 12 სექტემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია კი, წელს უკვე საჯაროდ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის – „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში შედგება“, – განუცხადა „კვირას“ „ილია ჭავჭავაძის” საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა გიორგი სავანელმა.
ეს პროექტი, 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. ორგანიზატორები არიან საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“.
პროექტის „… დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 13 საათზე დაიწყება და ილიას საპატივსაცემოდ მოეწყობა მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე და საზოგადოება ფეხით გაივლის იმ გზას რა გზითაც ილიას ცხედარი უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველობამ. მთაწმინდის პანთეონში გაიმართება ლიტერატურულ-თეატრალიზებული ინტერმედია მწერლებისა და მსახიობების მონაწილეობით; ხოლო დასკვნით ეტაპზე, თბილისში ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, 18 საათზე შედგება ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონია.
12 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.