ამერიკელი ელჩების აზრით, საქართველოში დემოკრატია შთამბეჭდავ პროგრესს განიცდის

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველო, საარჩევნო დემოკრატიის თვალსაზრისით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, შთამბეჭდავ პროგრესს განიცდის.
ამის შესახებ ანალიტიკოსმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების მიერ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების და გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას განაცხადა. ანალიტიკოსის თქმით, “ჩვენი მეგობრებისა და გულშემატკივრების აზრი ყოველთვის საინტერესოა”.
“წესისამებრ, ყოფილი დიპლომატები კარიერას განაგრძობენ ავტორიტეტულ და გავლენიან ანალიტიკურ ცენტრებში, think tank-ებში, სადაც სხვა აქტივობებთან ერთად, ხდება მათი ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების შემუშავებაც. ამერიკელების აზრით – და ეს აზრი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის გამოხატული – საარჩევნო დემოკრატიის თვალსაზრისით, საქართველომ სწორედ უკანასკნელი წლების განმავლობაში განიცდის შთამბეჭდავ პროგრესს. პროგრესი რომ სახეზეა, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია დარწმუნდეს ამაში და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პოზიტიურ განვითარებაში ლომის წილი ცესკოს დღევანდელ ადმინისტრაციას და უშუალოდ თამარ ჟვანიას მიუძღვნის. ამ პროცესზე დაკვირვება და საქართველოს რაც შეიძლება სწორი მიმართულებით წასვლა მათ ინტერესსა და დღის წესრიგშია.
მეორე, რაც საგულისხმოდ მომეჩვენა, ესაა უილიამ კორტნის აზრი, რომ პოლიტიკური პარტიების ცალკეული პიროვნებების გარშემო გაერთიანება ანაწევრებს პოლიტიკურ სპექტრს. მე ვისურვებდი, რომ ამერიკის ყოფილი ელჩის ეს მოსაზრება არ დარჩეს მოსაზრებად და ის გაითვალისწინონ ადრესატებმა. ეს ხომ როგორც ამერიკელი მეგობრების, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს საერთო ინტერესია – ძლიერი, ცნობადი და წონადი პარტიები პოლიტიკურ ასპარეზზე“, – აღნიშნა აბაშიძემ.
ამერიკის ყოფილი ელჩების მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების კომენტირებისას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს არ არის კრიტიკა და ესაა მეგობართა რჩევა-რეკომენდაციები.
“მოდით, ვთქვათ ასე: ეს არაა კრიტიკა, არ შემიძლია ამის ასე აღქმა. ეს გახლავთ მეგობართა და მოკავშირეთა რჩევა-რეკომენდაციები არსებული მაღალი სტანდარტის და ეს აღიარებულია წინა არჩევნებზე საერთაშორისო დასკვნებით, შენარჩუნებასა და კიდევ უფრო ამაღლებაზე. შესაძლოა, ამერიკელ ანალიტიკოს ჯენსენსს არ მიაჩნია მართებულად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა. მერწმუნეთ, ამაზე ერთსულოვნება არა მხოლოდ ამერიკელ, არამედ ჩვენს ევროპელ პარტნიორებშიც არაა. ზოგს ეს სწორ ნაბიჯად მიაჩნია, ზოგს – არა. უმთავრესია, რომ არჩევნები ჩავატაროთ იმაზე მეტი ხარისხით, რაც აქამდე მიგვიღწევია და ავირჩიოთ ევროატლანტიკოსი პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად დაიცავს კონსტიტუციურ ბალანსს ძალაუფლების შტოებს შორის”,- განაცხადა გია აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები