პეტრე მამრაძე: გიორგი შენგელაიამ პრეზიდენტობის კანდიდატობა თავად მოინდომა, ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საინიციატივო ჯგუფში
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, რეჟისორ გიორგი შენგელაიას მხარდამჭერი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობა შენგელაიამ თავად მოინდომა.
როგორც მამრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, იყოს იმ საინიციატივო ჯგუფში, რომელმაც რეჟისორი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ამასთან, მამრაძემ აღნიშნა, რომ ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია.
„ბატონ გიორგის ვიცნობ 26 წელიწადია. დიდ პატივს ვცემ, როგორც გამოჩენილ ხელოვანს. მოგეხსენებათ, ის მსოფლიოში აღიარებულია, როგორც გამოჩენილი რეჟისორი. ბევრმა არ იცის, მან პირადად, ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ არ დაეშვა თბილისის ომი 1991 წლის დეკემბერში. პირადად იცნობდა მაშინდელ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, შეეხვეწა კიდეც, ყველაფერი გააკეთა.
თავშიც არ მომივიდოდა, რომ ამხელა ხელოვანი შემეწუხებინა და მეთხოვა, კენჭი ეყარა პრეზიდენტობაზე. ბატონმა გიორგიმ თავად მოინდომა და რაკი მოინდომა, ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჯგუფში.
მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად. მიმაჩნია, რომ ის არის უდიდესი ქველმოქმედი საქართველოს ისტორიაში, ამას ფაქტები ადასტურებს. შემდეგ, ქვეყნის გადასარჩენად შემოვიდა პოლიტიკაში და რომ არა ის, როგორც ლიდერი, ვერ დამარცხდებოდა სააკაშვილის სადისტური სისტემა. დღესაც განსაკუთრებული როლი აქვს. ჩვენ ყველანი ვერ ვაკონტროლებთ მათ, ვინც მოსულია ხელისუფლებაში, ერთადერთი ფაქტორი, მთავარი შემაკავებელი არის ივანიშვილი. ეს ამ წლებში დამტკიცდა.
ბატონ გიორგის კი მიაჩნია, რომ ბევრი რამ უკეთესად უნდა გაეკეთებინა, მათ შორის, ივანიშვილი საკუთარ თავზე ამბობს ხოლმე – ეს შემეშალა, ის შემეშალაო. მე ამას არ ვეთანხმები. ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება. შეეძლო, ეს ყველაფერი არ გაეკეთებინა“,- განაცხადა მამრაძემ.
მისივე თქმით, ის ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, დაუჭერს, თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს გიორგი შენგელაიას.
„ვერაფერს გეტყვით მხარდაჭერაზე. „ქართული ოცნება“ ძალიან მოიგებს, თუ საერთოდ არ წარადგენს თავის კანდიდატს და არავის დაუჭერს მხარს და იტყვის, ჩვენ არ გვინდა, გვქონდეს სრული პოლიტიკური მონოპოლია ამ ქვეყანაში. საჭიროა, ძლიერი ორგანიზაცია და საკმაოდ დიდი ფული. გამოჩენილ რეჟისორს, ხელოვანს არც ერთი აქვს და არც მეორე. ბევრი ადამიანია, რომელიც თაყვანისმცემელია მისი ხელოვნებისა, მაგრამ ვერ წარმოიდგენს ასეთ პიროვნებას პრეზიდენტად. რეიტინგი შეიძლება დიდი ჰქონდეს ადამიანს, როგორც ხელოვანს, მაგრამ არა როგორც პრეზიდენტს. ამიტომ, ალბათ, ბატონი გიორგის ეს ფრაზა, რომ იმედი აქვს, ივანიშვილის მხარდაჭერისა, ასე რომ მოხდეს და ეს მანქანა ჩაირთოს, რასაც ჰქვია პარტიული ორგანიზაცია, ხელმოწერების შეგროვება, დაფინანსება, ბანერები – ათასი რამეა საჭირო, რატომაც არა. ამ ადამიანს ქვეყნისთვის კარგის გარდა, არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა მამრაძემ.
ცნობისთვის, რეჟისორი გიორგი შენგელაია პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მისი თქმით, კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას უჭირს.
„ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან უჭირს ქვეყანას. ამავე დროს, ძალიან არ უჭირს, რომ არ იყოს ეს მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი, ასე არ გაუჭირდებოდა”, – განაცხადა შენგელაიამ.
რეჟისორს არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს.
„ბატონი ბიძინა ძალიან კარგად მიცნობს, იცის ჩემი შესაძლებლობები, ის დაუკვირდება ყველაფერს და იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, მე დამიჭერს მხარს. ჩემი იარაღი არის სიტყვა. მაგათი მხარდაჭერა იქნება, თუ მორალურად დამიდგებიან გვერდში, მეტი არაფერი არ მინდა”, – განაცხადა შენგელაიამ 2020 NEWS-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, სამი თვის წინ, შენგელაიამ ბიძინა ივანიშვილის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. “[ხელისუფლების შეცვლა] რასაკვირველია ყველას გაგვიხარდა, მაგრამ მერე უმეცრებამ სძლია. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეგენი ბოროტი ხალხია, ან ბიძინა არის ცუდი კაცი. ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, გაიგეთ. მე მაგასთან ერთი-ორჯერ ვყოფილვარ და ბოლოს წამოვედი ისე, რომ ვეჩხუბე. ეს ამბები დაწყებული არ იყო. მე ვუთხარი: შენ, ძმაო, წიგნი არ წაგიკითხავს, რაც მელაპარაკები საერთოდ-მეთქი. საკუთარი თავი დაღუპეს რა”, – განაცხადა შენგელაიამ.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.
თამუნა შეყილაძე