„ნაცმოძრაობის” პროპაგანდისტული აპარატი მუშაობს იმისთვის, რომ გაამართლოს ის, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში ყოფნისას, ვაშაძემ 2008 წლის ომის წინა დღეებში განაცხადა“

„გრიგოლ ვაშაძე გვარწმუნებდა, თითქოს რუსებს არ უნდოდათ ომში ჩართვა და გაოცებულნიც იყვნენ, თუ რატომ ცდილობდა კოკოითი ომის პროვოცირებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაშაძეს, უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩასვლაც სთხოვეს, ვითარებაში გასარკვევად.
„როგორც კი ეს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა, თავი იმართლა, ჩემი მაშინდელი კომენტარი 2004 წლის მოვლენებს ეხებოდაო. ამ სიცრუემ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან თავის მართლებისას, დაავიწყდა რომ 2004 წელს, მას როგორც ბიზნესმენს და რუსეთის მოქალაქეს, არავინ მიიწვევდა საკითხის გასარკვევად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შემდეგ აღიარა, რომ 2008 წლის 4 აგვისტოს აკეთებდა ამ განცხადებას, რათა რუსეთის გული მოელბოთ და მას გადაეფიქრებინა აგრესია, თითქოს ეს იყო ჭკვიანური, დიპლომატიური ნაბიჯი. შემდეგ პროპაგანდისტულმა აპარატმა გადაწყვიტა, ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს ვინმე ამბობს,რომ ვაშაძე ამ თემაზე საუბრობს ომის მიმდინარეობისას, რაც რასაკვირველია, აფბსურდული იქნებოდა“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კომენატრის გაკეთებას არ აპირებდა, რადგან თვლიდა, რომ საჭირო არ იყო.
„საკმაოდ იყო საზოგადოების შეფასებები, მაგრამ თავის მართლებაში აშკარად გადაამლაშეს, თითქოს ე.წ. „ფეიკ-ნიუსები“ ვაშაძის წინააღმდეგ, მილიონებით ფინანსდება „ქართული ოცნების“ მიერ და „ერთი ტელევიზია“ მოსყიდულიც გვყოლია, ანუ მათ დავემსგავსეთ! რეალობა არის ის,რომ არა მარტო ვაშაძე, არამედ სააკაშვილი პირადად და მისი სახელმწიფო აპარატი, სრული შემადგენლობით, ქადაგებდა, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთი არ აინტერესებს და მის ხელთ არსებული „ჟანგიანი ტანკებით“ ომს არ აპირებს ან ვერ შეძლებს. მოლაპარაკებების პროცესი სწორედ მაშინ ჩაშალეს, როდესაც მასში დასავლელი პარტნიორების მონაწილეობა ფართო და შეუქცევადი გახდა.
როგორც რუსეთის მოქალაქე და მაღალი თანამდებობის პირი, ვაშაძე ამ პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ასეთი პოლიტიკის წარმართვა სულ მცირე, დანაშაულებრივი პოლიტიკური შეცდომა იყო, მაგრამ როდესაც იმავეს იმეორებ 8 აგვისტომდე რამოდენიმე დღით ადრე, ფართომასშტაბიანი ომის აშკარა წინაპირობებისას, დანაშაული მიგიძღვის იმ ხალხის მიმართ, რომელიც არ გამოიყვანე საომარი მოქმედებების ზონიდან და ათეულობით მათგანი სასიკვდილოდ გაწირე. დანაშაულია, როდესაც იმის მაგივრად, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ატეხო განგაში და შეაჩერო მოსალოდნელი აგრესია, საზოგადოებას ჯერ რუსეთის გაკვირვებაზე ელაპარაკები, შემდეგ კი „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას“ ჰპირდები.
ნიშანდობლივია კიდევ ერთი ფაქტი (ასეთი არაერთია): როდესაც ინტენსიურად დაიწყო ლაპარაკი სააკაშვილის „გაუგებარ“ ქმედებებზე, მათ შორის ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან, გრიგოლ ვაშაძემ თავად გამოაქვეყნა მოვლენათა ქრონოლოგია სათაურით: „რუსეთ-საქართველოს ომი და ეროვნული მეხსიერების თავისებურება“. აქ მოყვანილი ფაქტები, განსაკუთრებით 2008 წლის ივლისიდან მოყოლებული, რადიკალურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც იგი აგვისტოში გვიმტკიცებდა – რუსეთი გაკვირვებულია კოკოითის საქციელით და ომი არ უნდაო. აქ მხოლოდ ერთი კითხვა შეიძლება არსებობდეს: საქართველოსათვის თავს დატეხილი უბედურება იყო არაგონივრული პოლიტიკის თუ მოღალატეობრივი კონსპირაციის შედეგი?”, – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები