თბილისელი ხელოვანი, რომელიც გერმანელებს ქართული ღვინის დაგემოვნებით ახატვინებს (ვიდეო)
მხატვარი ბეჟან ენუქიძე, რომელსაც გერმანიაში იცნობენ ფსევდონიმით Be´shan, ღვინით არტთერაპიის მასტერკლასებს ატარებს.
იგი 1992 წლიდან საპორტო ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობს და არტთერაპევტად მუშაობს. ამჯერად მან ახალი იდეით გააკვირვა თაყვანისმცემლები.
– ღვინით არტთერაპია, შეიძლება ითქვას, ნოვაციაა მხატვრობაში, თქვენი იდეაა… კონკრეტულად გვიამბეთ, როგორ დაიწყეთ მასტერკლასი „ღვინო და ხელოვნება“?
– გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უკვე დიდი ხანია ვატარებ მასტერკლასებს ხელოვნების სხვადასხვა თემაზე, ეს არის, ასე ვთქვათ, არტთერაპიისა და ფერწერის ნაზავი. ამას წინათ, დამებადა იდეა, ჩამეტარებინა მასტერკლასი თემაზე – „ღვინო და ხელოვნება“.
ჰამბურგში არის ქართული ღვინის მაღაზია „ჯეოვინო“, სადაც შეძლება მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების შეძენა. იქ ჩავატარეთ ეს ღონისძიება, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია გერმანელებში.
– რას გულისხმობს ეს იდეა?
– მასტერკლასის მონაწილეები რამდენიმე საუკეთესო ქართულ ღვინოს აგემოვნებენ და მათი ფერების, სხვადასხვა არომატისა და საკუთარი შეგრძნებების მიხედვით ხატავენ. ვგულისხმობ, ძირითადად, ქვევრის ღვინოება.
– რა ტექნიკას იყენებთ ხატვის დროს?
– ხატვის დროს ვიყენებ ე. წ. სველის სველზე ხატვის ტექნიკას, აკრილის საღებავების გათხელებით და მათი ნელ-ნელა ტილოზე გადასხმით, მერე ტილოს აქეთ-იქეთ გადახრითა და მოძრაობით ბუნებრივი ეფექტები წარმოიშვება, რომელიც ძალიან წააგავს წვიმის მიერ დანატოვარ ბუნებრივ ნაკვალებს, ოღონდ – რასაკვირველია, ფერებში.
ეს პროცესი საკმაოდ კარგად უხდება ღვინის დაგემოვნებას.
– საინტერესოა, რა რაოდენობით ღვინო უნდა დალიონ ხატვის დროს?
– 10 ადამიანზე გათვლილია 5 ბოთლი ღვინო, არა იმდენი, რომ დათვრნენ…
– რომელი ღვინოები დააგემოვნეს მასტერკლასის მონაწილეებმა?
– ამჯერად გავასინჯეთ: ქისი, რქაწითელი, საფერავი, იას ვარდისფერი და ქინძმარაული. მარტო ამ ღვინოებს იმდენი ნარნაირი ფერი აქვს (ქარვისფერი, ვარდისფერი, ღრმა მუქი წითელი), რომ მხოლოდ ესენი შეავსებდნენ ნახატებს. მაგრამ ამას ემატება ასევე თითოეული მონაწილის ინდივიდუალური შეგრძნება. თუ რას გრძნობს იმ დროს, როცა ამა თუ იმ ღვინოს სინჯავს.
გარდა ამისა, ყოველი ღვინო ხასიათდება საკუთარი არომატებით, იქნება ეს გარგარის, ჟოლოს, მაყვლის ველის ფერად-ფერადი ყვავილების და კიდევ უამრავი სხვა არომატი.
შესვენების დროს, რასაკვირველია, ქართული სამზარეულოთი მოიხიბლნენ. ეს მეთოდი დიდი წარმატებით სარგებლობს გერმანელებში, იმავდროულად, ისინი საქართველოსაც იცნობენ.
– ვინ მონაწილეობდა ამ მასტერკლასში?
– აღსანიშნავია, რომ ასეთ მასტერკლასებში, ძირითადად, მონაწილეობენ ადამიანები, რომელთაც ბავშვობის მერე საერთოდ არ უხატიათ. მათთვის საინტერესოა ამდაგვარი ხატვა და კრეატიულობა, ე. ი. ყოველგვარი წინასწარი იდეისა და გადახატვის გარეშე შექმნა ხელოვნება, ანუ ის წარმოიქმნას პროცესში, და არა რაიმე გეგმის მიხედვით. ასეთ პროცესებს შეუძლიათ ადამიანის მკურნალობა, ოღონდ ეს ხანგრძლივი და თანამდევი პროცესია. ხელოვნება და, კერძოდ, არტთერეპია კი ხელს უწყობს ამ პროცესს.
– არტთერაპია ევროპაში საკმაოდ გავრცელებული თერაპიის ფორმაა…
– ევროპაში არტთერაპია მოიცავს 100-წლიან ისტორიას. უკვე მეცნიერულადაც დასაბუთებულია, რომ ხელოვნება ადამიანს კურნავს. არსებობს კიდევ ღრმა ფსიქოლოგიური არტთერაპიაც (ფროიდი, იუნგი), რომლითაც შესაძლებელია საკუთარ სურათებში არტთერაპევტის დახმარებით გამოიკვლიო ბევრი რამ, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაუაზრებელი გქონდა და უკეთესად აღიქვა საკუთარ თავში მიმდინარე პროცესები…