მამუკა მდინარაძე: “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დანაყოფის წევრები მათი ჩავარდნის გადასაფარად გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოს” წევრებს სპეკულაციებში ადანაშაულებს.
მდინარაძის თქმით, უმრავლესობა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტირებას არ ახდენს. მდინარაძის განმარტებით, მმართველი გუნდი “პოლიტიკურად ანგაჟირებულ დასკვნის პროექტზე განსხვავებულ მოსაზრებებს ორშაბათს წარმოადგენს”.
“”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დანაყოფის წევრები მათი ჩავარდნის გადასაფარად გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან. ისინი უკვე ექვსი წელია ხელისუფლებაში აღარ არიან და კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ადამიანის ტრაგედია მაინც არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის.
საზოგადოება ელოდა აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს – ჭეშმარიტების დადგენას და არა მათ პოლიტიკურ პროგრამას.
მოცემულ შემთხვევაში ორდღიან, მოკლეფეხებიან ტყუილსაც არ ერიდებიან და საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ. ურცხვად მოგვიწოდებენ, რომ შევუერთდეთ კომისიის მუშაობას. ეს მაშინ, როდესაც სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ბოლო მომენტში გადმოგზავნილ, საშინლად არაკომპეტენტურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ დასკვნის პროექტზეც კი განსხვავებულ მოსაზრებებს ორშაბათსვე წარმოვადგენდით.