მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია შექმნა
საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია შექმნა. დადგენილებით სამთავრობო კომისიის დებულებაც დამტკიცდა.
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
კომისია შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს/რეკომენდაციებს/სამართლებრივი აქტების პროექტებს:
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე;
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის კონცეფციის შემუშავებისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე;
მართვის სისტემის ოპტიმიზაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
კომისია, საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და დეცენტრალიზაციის პრობლემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და დასკვნების/წინადადებების/რეკომენდაციების/სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მიიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის ღონისძიებებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით, ითანამშრომლოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;მოამზადოს, განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელისა და კომისიის წევრებისაგან.
კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციას ასრულებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი, ხოლო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი.
ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: