გია ვოლსკი პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო- აზერბაიჯანს კეთილმეზობლური ურთიერთობების გარდა, ერთმანეთთან სტრატეგიული მნიშვნელობის ინტერესები გააჩნიათ.
გია ვოლსკიმ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან საქართველოს მსოფლიო მნიშვნელობის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა სატრანზიტო დერეფანზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ენერგორესურსებით მომარაგება.
მმართველი გუნდის წარმომადგენელის შეფასებით, ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ვიზიტი საგანგებოდ მნიშვნელოვანია:
“უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობების გარდა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება და ძალიან დიდი ხნის ისტორიას ითვლის, არსებობს საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობის ინტერესები, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას ერთმანეთს შორის გააჩნია, და არამარტო ეკონომიკურ დარგშია ჩვენი ურთიერთ-ინტერესები, არამედ, მსოფლიოს, ევროპის ინტერესშია, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო დერეფნის თემა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რომ უსაფრთხოებითაც და თავისი მოცულობითაც პასუხობდეს მთავარ მოთხოვნას, რომელიც ევროპულ ბაზრებს გააჩნიათ-ეს არის ენერგორესურსებით მომარაგება, ალტერნატიული დერეფნის შექმნა და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, რომელსაც რუსეთი უზრუნველყოფს. ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი და ევროპის სხვა ქვეყნები მყავს მხედველობაში, რომელიც ჩვენ და აზერბაიჯანს ერთმანეთს შორის გაგვაჩნია. საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო მერკელის ჩამოსვლა ამ თვალსაზრისით რეგიონში, და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.