ხობში საჯიჯაოს ზენის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მდებარე შუა საუკუნეების ზენის ციხეს (ჯიხა)  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 3 აგვისტოს ბრძანებით მიიღო.
ზენის ციხე საჯიჯაოს საკრებულოს სოფელ ზენში ვაკე ადგილზე, ღელე პარტიკის მარჯვენა ნაპირზე, სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ამჟამად იგი მოქცეულია დავით დერიკონის ეზოში. დერიკონების წინაპარი XX საუკუნის 30-იანი წლების დამდეგს ჩამოსულა უკრაინიდან და ზენის ციხესთან დასახლებულა. სწორედ ამ ოჯახის დამსახურებაა, რომ ციხემ, სხვებისგან განსხვავებით, თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე, მსგავსი ციხე-სიმაგრეები, რომლებიც დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს, XX საუკუნეში სწორედ ადამიანთა დაუდევრობის გამო დაზიანდა.
ციხე გვიან შუა საუკუნეებში თავადი ჩიჩუებისა იყო.
ციხე საკმაოდ დიდია, ნაგებია რიყის ქვებით. შიდა ეზოს ფართობი დაახლოებით 500 კვ. მეტრია. გალავანში ორი კოშკია ჩართული. ჩრდილოეთის კოშკში ჭიშკარია მოწყობილი, მისი პირველი სართული თაღოვან გასასვლელს წარმოადგენს. შემოსასვლელის თავზე სალოდეა, მესამე სართულის ოთხივე კედელში თითო სათოფეა მოწყობილი. სამხრეთის კოშკი საბრძოლო-საცხოვრებელია, იგი ციხის მთავარი კოშკია, დიდი და მასიური, პირამიდული ფორმისაა.  მოგვიანებით ციხისათვის მიუშენებიათ სათავსები. ნაგებობათა კვალი ჩანს ციხის ეზოშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები