“კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაცხადდა გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”

„ანგელა მერკელის ვიზიტმა ერთმნიშვნელოვნად ახალ დონეზე აიყვანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობები, ამავე დროს მკაფიოდ გაცხადდა გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იყო უდიდესი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა საქართველოში ჩამოსვლით გამოხატა.
„ქალბატონმა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა ის ძალიან დიდი წარმატებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე და ევროპული და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ის მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და გერმანიას შორის, ამავე დროს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში აისახოს.
„ძალიან ნაყოფიერად წარიმართა ის ბიზნესფორუმი, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ გერმანიიდან მოვიზიდოთ დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამავე დროს განვახორციელოთ რეგიონული და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე პერიოდში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება იმ ეკონომიკური პოტენციალის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელიც ჩვენ მიზნად დავისახეთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები