„შემოდგომის თბილისი“ „საქართველოს სინფონიეტას” 10 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება

7 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი” “საქართველოს სინფონიეტას” 10 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება.
როგორც „კვირას“ “საქართველოს სინფონიეტას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა,  კონცერტში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის საუკეთესო სპეციალისტები: მარკ ჰანტაი (ფლეიტა), ი-ფენ ჩენ (ფლეიტა), პატრიკ ბოგირო (ჰობოი), ალესანდრო პიკე (ჰობოი), ჟოაკიმ გერა (ფაგოტი), ჯოზეფ მარია მარტი (თეორბო), ბალაჟ მატე (ჩელო), თეონა გუბა-ჩხეიძე (ვიოლინო), დანიელ გარაი (დასარტყამი ინსტრუმენტები), ანდრეი შინკევიჩი (კონტრაბასი).
„ამ საღამოს მთავარი პერსონა, იორდი სავალი (დირიჟორი) გახლავთ, რომელიც თბილისის მსმენელების წინაშე პირველად 2015 წელს, „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“ წარდგა „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად. ორკესტრით და საქართველოთი მოხიბლულმა მსოფლიო ვარსკვლავმა გადაწყვიტა, მეორეჯერ ესტუმროს ჩვენს დედაქალაქს და „საქართველოს სინფონიეტას“ საიუბილეო კონცერტში მიიღოს მონაწილეობა.
„იორდი სავალი უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში. მისი წყალობით, დაკარგული და დავიწყებისთვის განწირული მნიშვნელოვანი ნაწილი მუსიკალური საგანძურისა კვლავ აღორძინდა და ხელმისაწვდომი გახდა.
ძველი მუსიკის დაუღალავი მკვლევარი და ინტერპრეტატორი მოღვაწეობს, როგორც გამბისტი და დირიჟორი. მისმა კვლევებმა, მუსიკათა სინთეზის კულტურულმა პროექტებმა, პედაგოგიურმა და სადირიჟორო მოღვაწეობამ მუსიკის ისტორიის გარკვეული გადაფასება მოახდინა. მას წელიწადში სულ ცოტა 140 კონცერტსა და პარალელურად 6 ალბომზე უწევს მუშაობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი ხელოვნება სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მოყვარულებს სულ უფრო იზიდავს და (მისივე თქმით) არასდროს მიისწრაფის ელიტურობისკენ. „იორდი სავალი დასტურია კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის უსაზღვრო მრავალფეროვნებისა, ის ჩვენი დროის ადამიანია“. გარდიანი 2011 (The Guardian 2011).
საქართველოს სინფონიეტას საიუბილეო კონცერტს იორდი სავალიმ უწოდა “Hommage to the French Style” (ეძღვნება ფრანგულ სტილს) და შესრულდება ბაროკოს ეპოქის არა მხოლოდ ფრანგი, არამედ გერმანელ კომპოზიტორთა მუსიკა, რომელიც ფრანგული სტილის დიდი გავლენით არის შექმნილი. ამ საღამოს მოისმენთ: მარეს, გ. ფ. ტელემანის, ი. ს. ბახისა და ჟ. ფ. რამოს ნაწარმოებებს“, – განაცხადა თეა მუქერიამ.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია საკონცერტო დარბაზის სალაროში (დ. აღმაშენებლის გამზ 123/125) და www.biletebi.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები