საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისის“ 26-ე სეზონი 7 სექტემბერს გაიხსნება
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი”, 7 სექტემბერს, 19:30 საათზე, „საქართველოს სინფონიეტას” 10 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის საუკეთესო სპეციალისტები.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ 26-ე სეზონის გახსნა ეძღვნება „საქართველოს სინფონიეტას“ საიუბილეო თარიღს, რომელსაც უდირიჟორებს მსოფლიოში სახელგანთქმული ესპანელი მუსიკოსი, “მიდემის კლასიკური ჯილდოს”, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო და გრემის ჯილდოს მფლობელი, საფრანგეთის “საპატიო ლეგიონის ორდენის” კავალერი, მუსიკის სფეროში ნობელის პრემიად მიჩნეული ლეონ ზონინგის ჯილდოს ლაურეატი, ევროკავშირის ელჩი კულტურათაშორისი დიალოგისთვის და იუნესკოს „ხელოვანი მშვიდობისთვის” – იორდი სავალი.
საგანგებოდ მოწვეული სტუმრები იქნებიან ცნობილი შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125; სალარო: 2 962207), ასევე ელექტრონულად.
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.