დუშეთში, ებნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ერთეულში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ებნისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 3 აგვისტოს ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და აგურის სწორხაზოვანი წყობით.
დასავლეთის კარი გარედან შეისრულთაღოვანია, სამხრეთისა კი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. შიგნიდან ორივე კარი თარაზულადაა დასრულებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია განთავსებული. ტაძარი დასრულებულია აგურის ლავგარდანით. გადახურულია თუნუქის ფურცლებით.
სამხრეთ კედელი დანაწევრებულია კედლის დონიდან ჩაწეული ოთხი სწორკუთხა მოცულობით, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია აგურის პილასტრებით. ასეთ სწორკუთხედშია მოქცეული კარი, რომლის ზედა ნაწილშიც სახატე ნიშაა ამოყვანილი. დასავლეთ კედელზე სარკმლის გარშემო სამი ჩაღრმავებული კვარცხლბეკზე მდგარი ჯვარია გამოსახული, ხოლო აღმოსავლეთით – ერთი.
ტაძრის ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია, ადგილ-ადგილ შელესილობა ჩამოშლილია, საიდანაც ჩანს, რომ კონქი, პილასტრები და თაღები აგურითაა ამოყვანილი.
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, ფასადთა მორთულობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები