„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად სპეციალური კომისია შეიქმნა
„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კომისია 9 წევრისგან შედგება:
1. დიმიტრი მამულია – კინორეჟისორი;
2. გივი-ბესიკ ოდიშარია – სცენარისტი;
3. ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი;
4. ია შუღლიაშვილი – მსახიობი;
5. კახა კანდელაკი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი;
6. ზურაბ მაღალაშვილი – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი;
7. კოტე ჯანდიერი – სცენარისტი;
8. ნინო მხეიძე – კინომცოდნე;
9. ლევან კიტია – კინორეჟისორი.
რამდენიმე კვირის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან „ოსკარის“ ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
24 ივლისს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შევიდა 6 განაცხადი. შესაბამისად, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:
„ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში;
„ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
„ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე;
„ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.
კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება „ოსკარზე“.